"რეზონანსი" - ლარის კურსს, შესაძლოა, მეორე პრემიერ-მინისტრიც გადაყვეს

მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, ქვეყნის მეორე პრემიერ-მინისტრია, რომლის პოსტსაც ლარის კურსი და ეკონომიკური პრობლემის მოუგვარებლობა შეიწირავს. ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე დაუფარავად აცხადებენ, რომ ბახტაძე რეალურად დათხოვნილია, მაგრამ ვინ ჩაანაცვლებს მას, ჯერჯერობით ამაზე ვარაუდოს დონეზეც არავინ საუბრობს. თუკი ერთ-ერთი დეპუტატის ნათქვამის ციტირებას მოვახდენთ, ,,მამუკა ბახტაძემ გაპრემიერებაც ვერ მოასწრო, ,,სტაჟირების" პროცესშივე მოიხსნა".

ცნობილი ფაქტია, რომ მისი წინამორბედ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ლარის კურსი (სხვა ფაქტორთან ერთად) გახდა. არსებულ გამოწვევას, როგორც ვხედავთ, ვერც ახალგაზრდა პრემიერმა გაართვა თავი და ის, შესაძლოა, გახდეს რიგით მეორე პრემიერი, რომელიც ლარის კურსს გადაყვება.

ეს რომ ასეა, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე არაოფიციალურად, ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერილი სტატუსით ადასტურებს.

,,ლარის კურსის გაუფასურებას მერე სხვას გადააბრალებს ხელისუფლება, მოსახლეობის სამართლიანმა პროტესტმა და ოპოზიციის მიერ შექმნილმა ნეგატიურმა მოლოდინმა გააფუჭა ლარიო... და ამ დროს:

ნახევარმა საქართველომ ასე იცის, რომ პრემიერ-მინისტრი გამოცვლილია ფაქტიურად ქვეყანაში და კულუარულად იმართება ახალი პრემიერის შერჩევის პროცესი - ესაა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა? სწორედ ესეთი საქციელი ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს მოსახლეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც და ინვესტორებშიც, რაც ეკონომიკაში ნეგატიურ განწყობებს და შესაბამისად, ლარის გაუფასურებას და აზარალებს თითოეულ მოქალაქეს!!!

მოგიწოდებთ, გამოდით და ღიად ისაუბრეთ პროცესზე და კანდიდატებზეც - ესეთი იქნებოდა მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ქცევა და თუ ესე არაა - ესეც დაბეჯითებით თქვით! კუკუმალულობანას ნუ ეთამაშებით ქვეყანას და ადამიანებს!", - წერს კობერიძე.

დეპუტატის პათოსს ერთი ერთში ეთანხმება პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე, რომლის განცხადებითაც, ბახტაძემ რეალურად ვერც ერთი პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო და სრული კრახი განიცადა.

,,მამუკა ბახტაძემ გაპრემიერებაც ვერ მოასწრო, ,,სტაჟირების" პროცესშივე მოიხსნა. ჩემი შეფასებით, ის სწორედ ამ პერიოდში, რადგან ვერ გაამართლა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, დღევანდელ მოცემულობაში კრახი განიცადა. აქედან გამომდინარე, არ არის ტრაგედია, რომ მამუკა ბახტაძე ჩაანაცვლებენ. მარტო კურსი არ არის პრობლემა, უამრავი სხვა საკითხია, რის მოგვარებაც მან ვერ შეძლო. ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრიც ვერ გახდა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უფრო ადრეც უნდა გადამდგარიყო. ჩემი აზრით, უკვე გადაყენებულია, უბრალოდ, ვერ შეარჩიეს ისეთი კანდიდატი, რომლის დანიშვნამაც საზოგადოებაში ,,აფეთქება" არ გამოიწვიოს. იმდენად დისკრედიტირებულია დღეს ,,ქართული ოცნება", თავმოყვარე და ღირსეული ადამიანი მასთან კავშირს არ იჭერს. კადრების ქექვას, რა გზასაც ეს ხალხი დაადგა, სიკეთეს არავის მოუტანს", - განუცხადა ჭიჭინაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას ლარის კურსს უკავშირებს ფინანსისტი დავით წიქარიძე, მაგრამ საუბრობს იმაზეც, რომ ეს არ არის ერთადერთი საკითხი და პასუხისმგებლობა, პრემიერთან ერთად, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამაც უნდა გაიზიაროს.

,,აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოვა მთავრობის სათავეში. რეალურად ლარის კურსის ვარდნა პირდაპირ არის დაკავშირებული მიზანმიმართულ ქმედებებთან მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან. როგორც ვიცით, ფულადი მასა არის 40-45%-ით გაზრდილი და სეიფში შენახული ძველი კუპიურები ისევ ბრუნვაშია დაბრუნებული, რაც ადასტურებს, რომ მთავრობა ხარჯს ვერ აუდის. რეალურად სებ-ი არის ამ პროცესისი თანამონაწილე, ხმას არ იღებს და არაადეკვატური გადაწყვეტილებებით ბიუჯეტიდან ისტუმრებენ თანხებს. ასეთ ფონზე აბოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, განუკითხაობა კი არა, უკვე ღალატის ტოლფასი პროცესები მიმდინარეობს. 20-ათასიანი ხელფასების გაცემას ცალკეული ადამიანებისთვის, პრემია-დანამატების ზრდას ეწირება ლარის კურსიც და მთლიანად საქართველოს ეკონომიკა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

როცა ვამბობთ, რომ პრემიერი შეიძლება ლარის კურსს გადაყვეს, ესეც გადაჭარბებულ ნათქვამად მიმაჩნია, რისი გამკეთებელი იყო, რას უნდა გადაყვეს? ვინმემ რამე ჰკითხა? ბაიბურში არ არის ადამიანი, რა ხდება ქვეყანაზე", - განაცხადა ფინანსისტმა.

სპეციალისტების ნაწილს ეეჭვება, რომ პრემიერის გადადგომით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში სისტემური პრობლემაა, რაც ლარის გამყარების შანსს სპობს.

,,პრემიერის შეცვლის მიზეზი იქნება ის ვითარება, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ეს მხოლოდ ლარით არ არის გამოწვეული, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი გვაქვს. ცხადია, ლარიც სწორედ ამის გამო უფასურდება, მათ შორის უნდა ითქვას ეროვნული ბანკის ,,დამსახურებაზეც" მოკლევადიან პერიოდებში. პირველ რიგში, პასუხისმგებელია პრემიერ ქვეყნანაში მომდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, მაგრამ ლარის გაუფასურებას მხოლოდ მას ვერ დავაბრალებთ. მამუკა ბახტაძე რეალურად წარმოადგენდა მხოლოდ სახეს და არა ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელ ფიგურას, ეს ცხადია. არ ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ცვლილებით რაიმე შეიცვლება. ამდენად, კურსი არ არის ერთადერთი, რამაც შეიძლება პრემიერ-მინისტრის პოსტი შეიწიროს, მთავარია გუნდში მოხდეს ცვლილება, მარტო პრემიერის შეცვლა საქმეს ვერ უშველის და ვერც ლარს გაამყარებს. ეკონომიკური ბლოკში, მინისტრების ჩათვლით უნდა მოხდეს სტრუქტურული ცვლილებები. გვესაჭიროება სამოქმედო გეგმა, სტრატეგია, რასაც საბაზრო ეკონომიკის ფორმირება ჰქვია. ეკონომიკური პოლიტიკის ვექტორის მკვეთრი გარდატეხაა საჭირო, სხვანაირად შედეგს ვერ მივიღებთ. კვირიკაშვილის შემთხვევაშიც, სწორედ სოციალური ფონის გაუარესება და ლარის კურსი დასახელდა, სინამდვილეში იყო კლანური ინტერესები, დაპირისპირება და არ გამოვრიცხავ, ბახტაძის შემთხვევაშიც იგივე განმეორდეს. ხალხი იტყვის, რომ ვერ გაამართლა და წავიდა, სინამდვილეში შეიძლება არსებობდეს სხვა მიზეზი, რაც საზოგადოებისთვის დარჩება საიდუმლოდ", - ამბობს გერლიანი.