თბილისის მერიამ მუხიანის რადიოქალაქის პროექტზე აუქციონი გამოაცხადა - საწყისი ფასი 22,9 მლნ ლარია

„რადიოქალაქის" პროექტზე, რომელიც მუხიანში მრავალფუნქციური გასართობი სივრცის განვითარებას გულისხმობს, თბილისის მერიამ აუქციონს გამოაცხადა. პროექტის საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 978 492 ლარს შეადგენს, დოკუმენტაციის მიხედვით, ამ თანხიდან ბიჯი 344 677 ლარია, ხოლო „ბე“ - 4 595 698 ლარი. აუქციონში განაცხადების მიღების ვადა 9 სექტემბერს იწურება.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელოს პროექტი თანდართული კონცეფციის შესაბამისად. კონცეფციაში ცვლილება დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით.

დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 8 მლნ დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა განახორციელოს.

ამასთან, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - 800 000 (რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობა. წარდგენის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

ცნობისათვის, მუხიანში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოიაზრება ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, მუზეუმი, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა. ადგილზე 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ელზა წიკლაური