ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ 500 000-ლარიან გირაოს გადაიხდის თუ არა, მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც მის საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა.
ის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ, დღის მეორე ნახევარში გაასაჩივრებს. როგორც წერეთელი აცხადებს, მოთხოვნა კვლავ უცვლელია და მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.
„ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და იქ დავასაბუთებთ ჩვენს პოზიციას. ავთანდილ წერეთელი გადახდასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც სასამართლო მსჯელობას დაასრულებს. მე, როგორც ადვოკატი, ვფიქრობ, მოგწონს თუ არა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი შესრულება უნდა მოხდეს. თუმცა, ვიმეორებ, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ამ საკითხს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
სააპელაციო სასამართლოშიც იგივე მოთხოვნა მექნება, რაც საქალაქოში - მოვითხოვ ავთანდილ წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ვინაიდან ადამიანს, რომელიც სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდა, ეს არ სჭირდება. ამას გარდა, მას არავისზე ზეგავლენა არ განუხორციელებია. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ეს იყო პირთა ჯგუფი, რომ ისინი შეკავშირებული იყვნენ, მაგრამ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი ერთ საქმეში არიან ბრალდებულები და ბუნებრივია, შეხვედრებიც იქნება. ჩემი შეხვედრაც იქნება ხაზარაძის და ჯაფარიძის ადვოკატთან, მოწმეებთანაც, ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია, ამის უფლებას კანონი გვაძლევს და ვალდებული ვართ, ასე მოვიქცეთ“, - განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა. თავის მხრივ, წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებდა, რომ თუკი, მათ ქონების ჩადება მოუწევდათ, ეს „ტვ პირველის“ შენობა იქნებოდა, ვინაიდან მათ ბიზნესი აღარ აქვთ.