კომპანია „გუგლს“ თავის სმარტფონ „პიქსელის“ წარმოება ჩინეთიდან ვიეტნამში გადააქვს. „ნიკეის“ ინფორმაციით, ამერიკულ კომპანიას უკვე დაწყებული აქვს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, მიმწოდებელთა ახალი ქსელის ჩამოყალიბება და ვიეტნამში წარმოებას წელსვე შეუდგება.
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის პარალელურად, „გუგლის“ გადაწყვეტილება იმ გარემოებამაც განაპირობა, რომ ჩინეთში სამუშაო ძალაზე დანახარჯები სულ უფრო იზრდება. და ამ მხრივ, აღმავლობის გზაზე მყოფ ვიეტნამში გადასვლა საუკეთესო გამოსავალია.
უფრო მეტიც, ინტერნეტ გიგანტი იმ წარმოებების ჩინეთიდან გატანას გეგმავს, რომლების პროდუქციაც ამერიკულ ბაზარზე იყიდება. „ნიკეის“ ცნობით, მათ შორისაა სმარტფონი „პიქსელი“ და საზრიანი სპიკერი „გუგლ ჰოუმი“.
„გუგლი“ წელს 8-10 მილიონი სმარტფონის გამოშვებას აპირებს, რაც წინა წლის წარმოებაზე თითქმის ორჯერ მეტია. ამგვარად, კომპანიისთვის ვიეტნამში გადასვლას, სმარტფონების ბაზარზე პოზიციების გამყარების საქმეში, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება.
რაც შეეხება საზრიან სპიკერებს, „ნიკეის“ ინფორმაციით, მათი წარმოება ნაწილობრივ ტაილანდში გადაინაცვლებს. თუმცა ამერიკული კომპანია წარმოების დიდ ნაწილს ისევ ჩინეთში დატოვებს.