უმუშევრობა მოსახლეობის ნომერ პირველ პრობლემად რჩება

დასაქმების სააგენტოებში  ირწმუნებიან, რომ ვაკანსია გაიზარდა

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა, ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ერთ-ერთი სააგენტო ”ჯობს.გე”. თუმცა ამ მონაცემებს არ ეთანხმება რესპონდენტების უმეტესობა. NDI-ს კვლევამ და ჩვენ მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ 3 368 ადამიანიდან უმეტესობას დასაქმების პრობლემა აწუხებს. დიდი ნაწილი ახალი ხელისუფლების პირობებში არც ცხოვრების დონით არის კმაყოფილი. სამუშაო ადგილების სიმცირის გარდა, მათ დაბალი ხელფასი და პროდუქტზე ფასის ზრდაც აწუხებთ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა - 36% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა. 56% ფიქრობს, რომ ვაკანსიების რიცხვი იგივე დარჩა, მის გაზრდაზე კი მხოლოდ 3% საუბრობს. ამასთან, აგვისტოში გამოკითხულთა 32% თავს დასაქმებულად თვლის, ხოლო 68% აცხადებს, რომ უმუშევარია.

იგივე კვლევის თანახმად, რესპონდენტების უმეტესობას არც ცხოვრების დონე აკმაყოფილებს.

NDI-გან განსხვავებით, ვაკანსიების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ დასაქმების სააგენტო ”ჯობ.გე”-ში. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2013 წლის შემდეგ განცხადებების რაოდენობამ იმატა. მაგალითად, შარშანდელთან შედარებით 1 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, საიტზე ვაკანსიების რიცხვი 40%-ით გაიზარდა.

მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, საზოგადოების უმეტესობას დასაქმების პრობლემა მაინც აწუხებს.

”სამუშაო ადგილები მართლაც შემცირდა. მართალია, ეს მე ჯერ არ შემეხო, მაგრამ მეშინია ამ არეულობაში არ მოვყვე. ბევრი ჩემი თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს, კადრების შემცირება მოხდა. ზოგგან კომპანიის რეორგანიზაცია განხორციელდა და ამის შედეგად ასზე მეტი კადრი სამუშაოს გარეშე დარჩა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაიხურა ბევრი მაღაზია. მაგალითად, ჩემი მეგობარი კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა, დღეს კი სამსახურის გარეშე დარჩა.

ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებისა და ბანკების გამკაცრებული საკრედიტო პოლიტიკის გამო, რამდენიმე მაღაზიაც დაიხურა. შემცირებაში მოყვა ძალიან ბევრი თანამშრომელი. ვითარებას ართულებს, პოლიტიკური ნიშნით სამსახურებში მოწყობის ფაქტებიც. ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს სამსახურის დაწყება ნაცნობობით ”მოსული პონტია”, - ამბობს თბილისელი ილია კუპრაშვილი.

წინა რესპონდენტის მსგავსად, ნინო გოგოჭურიც სამუშაო ადგილების სიმცირეზე საუბრობს. მისი თქმით, ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია, რადგან საწარმოების, მაღაზიების ნაწილი დაიხურა, რასაც უმუშევართა რაოდენობის ზრდა მოჰყვა. როგორც მან ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, სამსახურის მაძიებელთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.

”ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაეცა. მაგალითად, გართულდა ბინების გაქირავებაც. ადრე ერთოთახიანს საბურთალოზე 400 დოლარად უპრობლემოდ ვაქირავებდი, ახლა გაჭირდა, რადგან ინვესტიციებმა იკლო. უმუშევართა და, შესაბამისად, უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა გაიზარდა.

სამსახური დავკარგე, რადგან საიდანაც გამომიშვეს, იქ ნაცნობობით მოხდა დასაქმება. რთულია საქართველოში შენი პროფესიით რაიმეს შოვნა. მაღაზიაში კონსულტანტადაც ვცადე მუშაობის დაწყება, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა მარტივი. მოგეხსენებათ, რამდენიმე ბრენდი ქვეყნიდან გავიდა და ამან გარკვეული გავლენა ჩემს დასაქმებაზე იქონია. მაგალითად, ”დებენჰამსი”, რომელიც პეკინის 4-ში მდებარეობდა, დაიხურა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იგივე ბედი ელის ”ტომ ტეილორს”. თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ ჩიხში აღმოჩნდება”, - ამბობს ნინო გოგოჭური.

დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად, ხალხი დაბალ ხელფასებს და პროდუქტზე ფასის ზრდას უჩივის. მათი თქმით, საარსებო მინიმუმი შემცირდა, სურსათის ფასმა კი პირიქით, მოიმატა.

”დალხენილი ცხოვრება არც ადრე გვქონია და არც ახალი ხელისუფლების პირობებში გამოსწორდა სიტუაცია. ხალხი ისევ უმუშევარი და მშიერი დადის. სოციალური მდგომარეობა სახარბიელო არაა. როგორ შეიძლება კმაყოფილი ვიყო, როცა ხელფასებს, პენსიების ოდენობას გადასახადების და საკვების ღირებულება აღემატება. სურსათი, ბოსტნეული ძვირდება. გაიზარდა ფასები მედიკამენტებზე, რძის ნაწარმზე. მაღალია ტრანსპორტირების ღირებულებაც. გზაში მინიმუმ 2 ლარი გინდა და ვაი მაგ მგზავრობას. საერთოდ, ფონი თბილისში და არა მარტო დედაქალაქში, ძალიან მძიმეა.

იმედია ბატონი დავით ნარმანია მცირედ პრობლემებს მაინც მოგვიგვარებს. საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ეს მთავრობა შეაფასო. არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ვიყო, მაგრამ ადრე 300 ლარს თუ ვიმყოფინებდი, ახლა ამ თანხით თავის გატანა ძალიან მიჭირს”, - ამბობს გია მჭედლიშვილი.

NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის და მისი ოჯახი უკეთესად ცხოვრობს, ხოლო 17% აცხადებს, რომ - უარესად.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველაზე მეტად გამოკითხულთა ოჯახების მდგომარეობა თბილისში (22%), თელავში (22%), მცხეთასა (23%) და გორში (22%) გაუარესდა.

რესპონდენტების 70% ფიქრობს, რომ თბილისში ცხოვრება საკმაოდ ძვირი ჯდება. ფინანსების სიმცირე ყველაზე მეტად რაიონიდან ჩამოსულებს აწუხებთ, რადგან დანახარჯი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ადგილობრივებს.

რესპონდენტების განმარტებით კი, მარტო ბინის დაქირავება საშუალოდ 350 ლარი ჯდება.

”ტრანსპორტირება, კომუნალური გადასახადები, საკვები პროდუქტების შეძენა - ხელფასი 300-400 ლარი მაქვს და მიჭირს ეს თანხა ვიმყოფინო, რადგან საკვები პროდუქტი გაძვირდა. მაგალითად, კვერცხის ღირებულებამ მოიმატა, 25 თეთრი ღირდა და 26 თეთრი გახდა. 1 კილოგრამი კომბოსტოს ფასი 70-80 თეთრით გაიზარდა. გაძვირდა ბადრიჯანიც, ერთი კილოგრამის ფასი 80-90 თეთრია.

ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, რადგან ასეთი პროდუქტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. რაიონებში თავის გატანა მარტივია, ჭამაში შედარებით ნაკლები გეხარჯება, არც ტრანსპორტირება მოითხოვს დიდ თანხებს. ყველაზე რთული თავის რჩენა მაინც თბილისშია, თან თუ რაიონიდან ხარ ჩამოსული და ბინას ქირაობ, ხომ საერთოდ. ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან მაღალია, ყველას თბილისი უნდა, ეს კი საკმაოდ ძვირი ჯდება”, - ამბობს სოფიო ჭინჭარაშვილი.

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”