20-წლის  შემდეგ კანადელმა მამაკაცმა 60 მლნ-ს ჯეკპოტი მოიგო - ის სულ ერთი და იგივე რიცხვებით თამაშობდა

ვინც მოითმენს, მოიგებს - ეს გამონათქვამი ერთმა კანადელმა მამაკაცმა საკუთარი გამოცდილებით დაამტკიცა. ბონ ტრონგი 20 წლის განმავლობაში ლატარეას ერთი და იმავე რიცხვებით თამაშობდა და მრავალწლიანი ცდისა და თმენის შემდეგ ჯეკპოტი მოიგო, რომელიც 60 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გამარჯვებულის თქმით, მან ჯერ კიდევ გასული წლის 26 ოქტომბერს შეიტყო ჯეკპოტის მოგების შესახებ, როდესაც მის მიერ ჩაწერილი ყველა რიცხვი ეკრანზე ამოვიდა. იმის ნაცვლად, რომ მოგებული თანხა დაუყოვნებლივ მოეთხოვა 10 თვის განმავლობაში დაიცადა, რადგან გამარჯვებით გამოწვეული ემოციები ძალიან დიდი აღმოჩნდა.

როგორც კი მან ტელევიზორის ეკრანზე გამარჯვებული რიცხვები დაინახა, მაღაზიაში წავიდა და ისინი ამოაბეჭდინა იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო. ამობეჭდილ გამარჯვებულ რიცხვებთან ერთად კვლავ სახლში მობრუნდა და მათ თავის ბილეთთან რამდენიმე საათის განმავლობაში ადარებდა.

„დავიწყე იმაზე ფიქრი, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გამარჯვება ჩემი ოჯახისთვის“- თქვა ბონ ტრონგმა, - „გავაცნობიერე, რომ ეს ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლიდა და მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველა ჩვენგანი მზად ვიყავით ამ ცვლილებებისთვის“.

ტრონგის გამარჯვებული რიცხვები იყო 2,3,4,8,9,20 და 30. მედიასთან საუბარში კანადელმა ბონ ტრონგმა განმარტა, რომ ეს რიცხვები მნიშვნელოვანი თარიღებისა და ოჯახის წევრების დაბადების დღეების კომბინაციაა.

„პირველი, რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ყველაფრის გადახდას შევძლებდი! და უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ამის გაკეთება შემეძლო“- თქვა გამარჯვებულმა. ის ოჯახისთვის ახალი ბინის შეძენას აპირებს, ნაწილი თანხის გადანახვას გეგმავს მომავლისთვის და შვებულების მოწყობას.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა