ჯეკ მა კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს პროგნოზირებს

მომავალში ხელოვნრური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ადამიანები შეძლებენ კვირაში მხოლოდ 12 საათი იმუშაონ. ამის შესახებ Alibaba-ს თანადამფუძნებელმა ჯეკ მამ შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

ჯეკ მას თქმით, ადამიანები შეძლებენ, კვირაში 3 დღე 4 საათის განმავლობაში იმუშაონ, ეს კი მისი მოსაზრებით, შესაძლებელი გახდება ტექნოლოგიური განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმის შედეგად.

ტექნოლოგიური განვითარების მაგალითად მან ელექტროენერგია მოიყვანა - „ელექტროენერგიის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ის ადამიანებს უფრო მეტ თავისუფალ დროს აძლევს, რათა კარაოკე ბარებს ან საცეკვაო წვეულებებს ეწვიონ საღამოობით. ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ადამიანებს უფრო მეტი დრო ექნებათ, დატკბნენ იმით, რომ ადამიანები არიან“ - ხაზგასმით აღნიშნა Alibaba-ს თანადამფუძნებელმა.

საგანმანათლებლო სისტემაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა, რომ მომავალი 10-20 წლის განმავლობაში, ყოველი ადამიანი, ქვეყანა და ხელისუფლება უნდა კონცენტრირდეს მის რეფორმაზე იმისთვის, რომ ბავშვებმა შეძლონ სამსახურის შოვნა, სამსახურის, რომელშიც კვირაში 3 დღე 4 საათის განმავლობაში იმუშავებენ.

„თუ არ შევცვლით საგანმანათლებლო სისტემას, სერიოზული პრობლემები გვექნება“- განაცხადა ჯეკ მამ.

მან არსებულ საგანმანათლებლო სისტემას მოძველებული უწოდა, რომელიც ინდუსტრული პერიოდისთვის შეიქმნა. მისი თქმით, მომავალში მანქანები გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებენ ზოგიერთ სფეროში, ვიდრე ადამიანები. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ ახალმა საგანმანათლებლო სისტემამ ადამიანები უფრო კრეატიულები უნდა გახადოს.

ჯეკ მას მოსაზრებას საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით Tesla-ს დამფუძნებელი ელონ მასკიც დაეთანხმა და შანსი არ გაუშვა ხელიდან, რომ მისი ახალი პროექტი Neurolink-ი არ ეხსენებინა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ტვინის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებას.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა