სკანდალური ქართველი მილიონერის პოლიტიკური ანეკდოტები

სხვადასხვა ბიზნესგამოცემების თანახმად, ახლა მისი ქონება 90 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

2008-ში უფრო "მსუყე ლუკმას" ფლობდა და მის წილად შთამბეჭდავი 300 მილიონი დოლარი სახელდებოდა. მას შემდეგ რამდენიმე ბიზნესი გაყიდა, მაგრამ ტიტული - ერთ-ერთი მდიდარი პოლიტიკოსი უკრაინაში, მაინც შეინარჩუნა.

უკვე წლებია, ტარიელ ვასაძესთან და ლევ ფარცხალაძესთან ერთად ის უკრაინაში მცხოვრებ, ქართველ მულტიმილიონერთა სამეულში სახელდება. კითხვა, რომელიც მის მიმართ დღემდე ისმის და რომელზეც ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, ასე ჟღერს - ვინ არის დავით ჟვანია, პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი? იმაზე კი ყველა ერთხმად თანხმება, რომ ის ერთნაირად კარგად გრძნობს თავს ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც. თუმცა, ვერ იტანს, როცა ოლიგარქს ეძახიან.

არის მასში რაღაც, რაც ბევრი სხვა ოლიგარქისგან განასხვავებს და მისი, როგორც პოლიტიკოსის გახსნილობას უსვამს ხაზს. დავით ჟვანიას პერსონალური საიტი აქვს, სადაც მის შესახებ თითქმის ყველანაირი ცნობები მოიპოვება: ბიოგრაფია, ოჯახი, საჯარო გამოსვლები და მისი საფირმო ანეკდოტებიც კი. ასევე ჰქვია - "ანეკდოტები დათოსგან". ამ ტკბილ ლუკმას ბოლოსთვის მოვიტოვებ, ახლა კი მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან რამდენიმე შტრიხს გაგაცნობთ.

დავით ჟვანია, 1967 წლის 20 ივლისს თბილისში დაიბადა. მამა, ვაჟა ჟვანია პროფესიით ფიზიკოსი და ფილოსოფოსი უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. შემდეგ ცეკაში მიუწვევიათ სამუშაოდ, სადაც პარტიული ფუნქციონერებისთვის სააგიტაციო და პროპაგანდისტული გამოსვლების ტექსტებს ამზადებდა. მოგვიანებით კი თურმე პედაგოგთან კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავდა. დათოს დედა კი ექიმი-ჰემატოლოგი გახლდათ და წლების განმავლობაში თბილისში, რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა.

დავით ჟვანიამ თბილისის 61-ე სკოლა დაამთავრა, შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა. საბჭოთა ჯარში იმსახურა თურმე. 1991 წელს კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში - "სავაჭრო სახლი", მენეჯერად დაიწყო მუშაობა. სწრაფად მიიწევდა თურმე კარიერულ კიბეზე და ჯერ ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი გახდა, შემდეგ კი სხვა კომპანიის, "ბრინკფორდ კონს ლიმიტედის" პრეზიდენტი.

პოლიტიკოსი დავით ჟვანიას კარიერა კი 2002 წლიდან იწყება. უკრაინის უმაღლეს რადაში ის ბლოკ "ნაშა უკრაიანას" სიით მოხვდა. ოფიციალურ ცნობებში არ წერია, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. დეპუტატის რანგში დავით ჟვანიამ ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტი ჩაიბარა. 2005-ში კი იულია ტიმოშენკოს მთავრობაში მინისტრის პორტფელსაც გამოჰკრა ხელი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თავკაცობდა.

bpn

მიუხედავად იმისა, რომ "ნაშა უკრაინას" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, 2005-ში მისი რიგები დატოვა. 2012 წელს კი კიდევ ერთხელ გახდა რადას წევრი, ოღონდ ამჯერად როგორც უპარტიო. უკრაინის უმაღლეს რადაში დავით ჟვანია სახელმწიფო მშენებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღავენლობს.

დავით ჟვანიას ჰყავს მეუღლე ოქსანა და ისინი ერთად ოთხ შვილს ზრდიან: ანას, დიანას, სოფიას და დავითს.

bpn

სანამ დავით ჟვანიას ბიოგრაფიის არაოფიციალურ ნაწილზე გადავალ, როგორც დაგპირდით, მის რამდენიმე საფირმო ანეკდოტს შემოგთავაზებთ, რომელიც ასევე მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამოვიკითხე.

"ვლადიმირ ჟირინოვსკი საბავშვო ბაღს ესტუმრა. როგორც მან შემდეგ პროკურატურაში განაცხადა, ჩხუბი პირველად ბავშვებმა დაიწყეს".

"ნუ შეწუხდებით ბიოგრაფიის დაწერით. გადაწყვიტეთ დეპუტატობა და ოპონენტები ამაზე თქვენს ნაცვლად იზრუნებენ".

ეს კი მისი ერთ-ერთი ბოლო შედევრებია:

”კონკურსში - ყველაზე აბსურდული მოკლე ანეკდოტი, გაიმარჯვა ფრაზამ - ”რუსი სამშვიდობო”.

”ბავშვობაში პუტინს ბოშამ უმკითხავა და უთხრა, რომ მას სიმღერებს მიუძღვნიდნენ, მაგრამ რა შინაარსისას, არ დაუკონკრეტებია”.

სხვების რა მოგახსენოთ, მაგრამ დავით ჟვანიაზე კი მართლაც იზრუნეს მისმა ოპონენტებმა. მის მიერ გამოქვეყნებულ ბიოგრაფიულ ცნობებში არსად გვხვდება, მაგრამ ოპონენტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ჟვანიას ბიზნესსაქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ნავთობისა და გაზის მოპოვება და გადამუშავება, მანქანათმშენებლობა, სამშენებლო ბიზნესი და ფასიანი ქაღალდები. დავით ჟვანია კი ამბობს, რომ ეს კომპანიები მას არ ეკუთვნის და აქტივები, რომელიც ამ ბიზნესსექტორებიდან მის პირად ანგარიშებზე ირიცხება, წარმატებული მენეჯერობისთვის მიღებული ბონუსებია.

სკანდალშიც არაერთხელ გაეხვა. ცნობილია, რომ ის ესწრებოდა ვახშამს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, იუშენკო დიოქსინით მოწამლეს. მეტიც, პრესა წერდა, რომ ჟვანია ამ ვახშმის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. თუმცა, დავით ჟვანია უარყოფს, როგორც იუშენკოს მოწამვლის ფაქტს, ასევე მის შესაძლო კავშირს ამ ყველაფერთან და ერთ-ერთი გამოსვლის დროს ამ ბრალდებების გამო, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს "სულელიც" კი უწოდა თურმე.

კიდევ ერთი სკანდალი, რომელშიც დავით ჟვანიას სახელმა გაიჟღერა, ბორის ბერეზოვსკის უკავშირდებოდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ თითქოს სწორედ ბერეზოვსკი, ჟვანიას შუამავლობით აფინანსებდა იუშენკოს წინასაარჩევნო კამპანიას. უკრაინული პრესა ასევე წერდა ჟვანიასა და პატარკაციშვილის მეგობრობის შესახებ. ვრცელდებოდა ასევე ცნობები, რომ დავით ჟვანია და მისი ოჯახი, ე.წ. კანონიერ ქურდთან, ჯაბა იოსელიანთან ახლობლობდა.

რაც შეეხება მის "სტარტაფს" ბიზნესში, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის უკრაინაში არ დაწყებულა. უკრაინაში ჩასვლამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სლოვენიასა და ავსტრიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი კვიპროსზე, საეჭვო რეპუტაციის ობშორულ ზონაში დააფუძნა კომპანია, რომელიც მოგვიანებით უკრაინის ეკონომიკის ყველაზე სტრატეგიულ მიმართულებებს დაეპატრონა. ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ჟვანიამ ჩრდილოვანი სქემებით, რომელიც უკრაინის ატომური ელექტორსადგურების გარკვეული დეტალებით რუსეთიდან მომარაგებას გულისხმობდა, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იშოვა. გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენი კი ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, უარყოფს.

ის, რისი უარყოფაც ოპონენტების მიერ მოძიებული ინფორმაციებიდან არც უცდია, ის არის, რომ კარგად მღერის და ახლაც უყვარს სუფრაზე მრავალჟამიერის შესრულება. ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მათ შორის ინგლისურს, გერმანულს, სერბულ-ხორვატიულს და სლოვენიურს. უყვარს დაივინგი, თევზაობა და ავტომობილების საკმაოდ შთამბეჭდავი კოლექცია აქვს.

bpn