ბრალდებულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, გაასაჩივრა.
როგორც ჟურნალისტებს ბიზნესმენის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა, მისი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ის ავთანდილ წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.
"მიგვაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. საფრთხე იმისა, რომ ის მიემალება გამოძიებას, ან მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს, არ არსებობს. საჩივარში ვცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ თავად ბრალდების დადგენილების აღწერილობითი ნაწილი არ შეესაბამება იმ დასკვნებს, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს.
საჩივრის განხილვის ვადები გარკვეულ ტექნიკურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული და ალბათ, დაახლოებით, 5-6 დღე დასჭირდება. რაც შეეხება გადახდის საკითხს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით", - განაცხადა წერეთელმა.