შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ გუშინ გამართულ სხდომაზე საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ცნობით, დადგენილება ძალაში 2019 წლის პირველ ოქტომბერს შევა.
"ფედერალურ საბჭოს შეუძლია უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს ის ქვეყნები, რომლებშიც, მისი შეფასებით, დაბრუნება და ცხოვრება უსაფრთხოა. ამ შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტიკური სტაბილურობა და, ასევე, ევროკავშირის, EFTA-ს ქვეყნების და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასება. უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის ძიების საქმეები დაჩქარებული წესით განიხილება და, როგორც წესი, პასუხი უარყოფითია. ამჟამად ეს სია შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ალბანეთი, ბენინი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბურკინა-ფასო, განა, ინდოეთი, კოსოვო, მოლდოვა (გარდა დნესტრისპირეთისა) მონღოლეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სენეგალი, სერბეთი და ასევე ყველა ევროკავშირისა და EFTA-ს ქვეყნები. ფედერალურმა საბჭომ ამ სიაში საქართველოც შეიყვანა.
გარდა ამისა, საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რათა ქვეყანა ჩაითვალოს უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის. ამის გათვალისწინებით, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელთა უკან დაბრუნება გაადვილებულია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და საკმარისი საბაზისო სამედიცინო მომსახურების არსებობა. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს, ევროკავშირისა და EFTA-ს ყველა ქვეყნის პარალელურად, იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც დაბრუნება უსაფრთხოა ასევე შედის: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.
იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის (EJPD) მიერ მუდმივად ხდება ორივე სიის გადამოწმება. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი ავალებს ფედერალურ საბჭოს სიაში ცვლილებები შეძლებისდაგვარად შეიტანოს",- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ინფორმაციით, 2017 წლის შემოდგომის შემდეგ ევროპასა და შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ საქართველოდან იმატა. ეს მოვლენა კი მჭიდროდ არის დაკავშირებული შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებასთან, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე შევიდა ძალაში.
საელჩოს ცნობით, ამ პროცესიდან გამომდინარე, შვეიცარიამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა.
"განხორციელდა გარე საზღვრების დაცვის გაძლიერება და დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის დაწესება. მიუხედავად ამისა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მაღალი რჩება. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება იმას ნიშნავს, რომ შვეიცარია განაგრძობს საჭირო ღონისძიებების გატარებას, რათა თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი შემთხვევები შეამციროს და სამშობლოში დაბრუნების პროცესი უფრო ეფექტური გახადოს",- ნათქვამია განცხადებაში.