თბილისის ბიუჯეტში დეფიციტის მოცულობა დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს

დედაქალაქის ბიუჯეტში დეფიციტის მოცულობა დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს.

ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგში პირველ საკითხად თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილება.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის ახალი მთავრობა დადგა ობიექტური რეალობის წინაშე, რომ პრაქტიკულად ბოლომდე გახარჯული ჯანდაცვითი და სოციალური უზრუნველყოფის მუხლი უნდა შეავსოს სხვა მუხლებში არსებული რესურსებით იმისათვის, რომ არ შეფერხდეს სოციალური დაცვის და ჯანდაცვის მომსახურება.

"დაახლოებით 25 მილიონი ლარი, ეს არის დეფიციტის მოცულობა, რაც გვაქვს ბიუჯეტში წლის ბოლომდე და აქედან გამომდინარე, იძულებული ვხდებით ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართოთ თანხების მისაღებად სესხის აღებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წლის ბოლოს დაგვჭირდება დამატებითი რესურსები, იძულებული ვიქნებით, სესხი ავიღოთ იმისათვის, რომ გავისტუმროთ ყველა ის ადგილობრივი მომსახურება, რაც არის განსაზღვრული ბიუჯეტიდან და შემდეგ მოგვიწევს მომდევნო წელს გასტუმრება, მას შემდეგ, რაც დაგეგმილი და ნორმალურად აწყობილი პროგრამული ბიუჯეტი გვექნება, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღესვე დავით ნარმანიამ მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს დავალება მისცა, რომ აქტიურად დაიწყოს შესაბამის სამსახურებთან ერთად პროგრამულ ბიუჯეტზე მუშაობა.