გარემოსდამცველები ლოდონის ჰითროუს აეროპორტში ავიარეისების შესაჩერებლად დრონების გამოყენებას აპირებენ

ბრიტანელი გარემოსდამცველი აქტივისტები სექტემბერში ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ავიარეისების შესაჩერებლად დრონების გამოყენებას აპირებენ. აქტივისტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ყველაზე დიდ აეროპორტში მესამე ასაფრენი ბილიკის აშენების ნებართვა გასცა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება მათ 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფის მინიმუმამდე დაყვანას შეჰპირდა, თუმცა აეროპორტის ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ამიტომაც, მათ გადაწყვიტეს, რომ სექტემბერში ერთი ან რამდენიმე დღით ლონდონის ჰითროუს აეროპორტში პროტესტის ნიშნად ავიამიმოსვლას ხელი დრონების გამოყენებით შეუშალონ.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ აქციას 200-მდე ადამიანი შეუერთდება და აეროპორტის ბლოკირებას იქამდე გააგრძელებენ, სადამდეც შეძლებენ.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის გამოყენება კანონის დარღვევაა და ისინი დააკავებენ ყველა აქტივისტს, რომელიც დრონს გამოიყენებს.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა