დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, ვაფრთხილებთ, რომ დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფილებაზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრომ უკვე დაიწყო საინფორმაციო კამპანია ყველა იმ ღონისძიებებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, რაც დევნილთა განსახლების მიმართულებით ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, ორშაბათიდან ზუგდიდის ბინებზე აპლიკაციების მიღება იწყება. უახლოეს მომავალში კი განაცხადების მიღება თბილისისა და ქუთაისის ბინებზეც დაიწყება.
„ბოლო დროს, საეჭვოდ გააქტიურდნენ პირები, რომელთა წაქეზებითა და ხელშეწყობითაც დევნილთა გარკვეული ჯგუფები აქტიურად იჭრებიან კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და უკანონოდ იკავებენ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კარგად იციან N320 ბრძანებაში არსებული ჩანაწერი, რომლითაც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, ვაფრთხილებთ, რომ მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფილებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ დევნილ მოსახლეობას, ნუ აჰყვებით პროვოკაციულ მოწოდებებს ამა თუ იმ ობიექტში შეჭრასთან დაკავშირებით, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევას, მოჰყვება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ნუ ენდობით მათაც, ვინც გარკვეული საფასურის გადახდით, გპირდებათ ბინის მიღებაში დახმარებას. გირჩევთ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამართალდამცავებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ასეთი ქმედებისგან და დაელოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობას სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ ბინების განაწილების პროცესი წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად”,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.