საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 27 აგვისტოს განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,იკაპიტალზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“ - აღნიშნულია განკარგულებაში.
ამასთან, სებ-ის გადაწყვეტილებით, ორის მიმართ კი გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყება. კერძოდ, საუბარია მისოებზე - „ლაზარე“ და „კავკასუსკრედიტი“. ამ ორგანიზაციების შესახებ ეროვნულ ბანკში შეტანილ განცხადებას, რომ ლიკვიდატორებმა მათი გადახდისუუნარობის შესახებ განაცხადი სასამართლოში შეიტანონ, სებ-ი დაეთანხმა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას - „ლაზარეს“ რეგისტრაცია 2018 წლის 23 მაისს, ხოლო “კავკასუსკრედიტს“ - გასული წლის 10 ივლისს გაუუქმა.