ჩიფსები, მიკროტალღური ღუმელი, პენიცილინი -  6 შემთხვევითი აღმოჩენა

მეცნიერება მოითხოვს ბევრ დროს, კვლევას, გამოცდილებას, დიდ ძალისხმევასა და უნარს, რომ კონკრეტული აღმოჩენა გააკეთო.თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მეცნიერი, ან უბრალო ადამიანი სრულიად შემთხვევით აკეთებს საკმაოდ მნიშვნელოვან აღმოჩენას.

წარმოგიდგენთ, 6 გამოგონებას, რომელიც „შეცდომის“ შედეგად აღმოაჩინეს:

1. კარდიოსტიმულატორი - მეცნიერმა უილსონ გრეიტბეტჩმა გამოიგონა მოწყობილობა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩინა. ის მუშაობდა ისეთი მოწყობილობის შექმნაზე, რომელიც ადამინის გულის რიტმის ჩაწერას და გაუმჯობესებას შეძლებდა. 1956 წელს მეცნიერი ბუფალოს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მუშაობდა, რა დროსაც შეცდომით დააკავშირა რეზისტორი. თუმცა ნახა, რომ რეზისტორის მიერ შექმნილი იმპულსები მძაფრად აღიქვამდა და იმახსოვრებდა ადამიანის გულის ცემას.

მას შემდეგ, რაც უილსონ გრეიტბეტჩმა გააცნობერა, რამდენად პერსპექტიული იყო ეს აღმოჩენა, ის შეუდგა რაც შეიძლება მცრე ზომის მოწყობილობის დამზადებას, რათა ადამიანის სხეულს მორგებოდა. 1958 წელს მეცნიერმა პირველი მოწყობილობა დაამზადა, რომელიც ძაღლზე გამოსცადა. მოგვიანებით, მან თავისი აღმოჩენა დააპატენტა, რაც ადამინების სიცოცხლის ხანგრძლოვობისკენ გადადგმული საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

2. სიმინდის ფანტელები - მისი შექმნის ისტორია მე-19 საუკუნით თარიღდება. მიჩიგანის შტატში, ექიმმა კოლოგმა და მისმა ძმამ გადაწყვიტეს სიმიდნის ფქვილით მოემზადებინათ კერძი, თუმცა მათ სასწრაფოდ მოუწიათ გასვლა. როდესაც ისინი დაბრუნდნენ ნახეს, რომ სიმინდის ფქვილის ცომი, რომელიც დატოვეს, შედარებით მსხვრევადი გახდა. ძმებმა გადაწყვიტეს ეს მასა მაინც გამოეყენებინათ კერძის მოსამზადებლად, მაგრამ ის ფანტელებად დაიშალა. მომზადების პროცესში კი ეს ფანტელები გახდა ხრაშუნა და ჰაეროვანი. მიღებული, გემრიელი ხრაშუნა ფანტელებით ისინი თავის პაციენტებს გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგად ის გახდა ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი. ექიმმა ჯონ ჰარვი კოლოგმა 1894 წელს სიმინდის ორიგინალური ფანტელები დააპატენტა და უკვე 1906 წელს საკუთარი კომპანია დაფუძნა, სადაც ახალი საკვების მასობრივი წარმოება დაიწყო.

3. მიკროტალღური ღუმელი - ალბათ, ბევრისთვის გასაკვირია, რომ მიკროტალღური ღუმელი თითქმის შემთხვევით გამოიგონეს. მისი აღმოჩენა ინჟინერ-გამომგონებლის პერსი სპენსერის სახელს უკავშირდება და ამაზე ლეგენდებიც დადის.

ერთი ვერსიით, ლაბორატორიაში მაგნიტორზე მუშაობისას, მეცნიერი მიხვდა, რომ კანფეტი ჯიბეში დნებოდა, მეორე ვერსიით კი, სპენსერმა სენდვიჩი მაგნიტორზე გაათბო. რაც არ უნდა ყოფილიყო, მანამდე თავში აზრად არავის მოსვლია, რომ სამზარეულოში მიკროტალღური გამოსხივება გამოეყენებინა.

გამომგონებელმა მიკროტალღური ღუმელი 1946 წელს დაპატენტა, ხოლო პირველი ღუმელი სახელწოდებით Radarange, 1947 წელს დაამზადა. გამოგონება იყო ძალიან დიდი და თითქმის, ადამიანის სიმაღლე, წონით კი - 300 კგ. ის ძალიან განსხვავდებოდა იმ მიკროტალღური ღუმელისგან, რომელსაც დღეს ვიყენებთ. მისი ღირებულება კი დაახლოებით, 3000 დოლარი იყო. მიკროტალღური ღუმელის სერიული გამოშვება 1960 წლიდან დაიწყო, თუმცა ის იყო შედარებით პატარა და იაფი (500 დოლარი).

4. კევლარი - ეს არის კომპანია DuPont-ის მიერ წარმოებული, ბოჭკოვანი მასალა, რომლისაგან ტყვიაგაუმტარი ჟილეტები მზადდება. ქიმიკოსმა სტეფან კოილექტმა 1965 წელს თავის ჯგუფთან ერთად, DuPont-ში მუშაობისას შეიმუშავა მისი წარმეობის ტექნოლოგია და 1970 წლის დასაწყისიდან მისი სერიული წარმოებაც დაიწყო.

DuPont-ში მუშობისას, ზეთის დეფიციტი შეიქმნა, ამიტომ ქიმიკოსმა და მისმა ჯგუფმა დაიწყეს მსუბუქი, მაგრამ ძლიერი ბოჭკოს ძებნა. შემთხვევითი აღმოჩენა არ იყო მყარი, მაგრამ იყო ძალიან ძლიერი. ქიმიკოსმა აღმოჩენის მნიშვნელობა გააცნობიერა და დაიწყო მისი სწრაფად განვითარება. მიღებული ბოჭკოვანი მასა 5-ჯერ უფრო გამძლე ქსოვილია, ვიდრე ფოლადი და ახლა უკვე 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტში გამოიყენება.

5. პენიცილინი - ეს არის გამოგონება, რომლის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებამაც ასობით ადამინის სიცოცხლე გადაარჩინა. მისმა გამოგონებამ შესაძლებელი გახადა ადამინიანები განეკურნა ისეთი დაავადებებისგან, რომელიც 20-ე საკუკუნის დასაწყისამდე უკურნებლად ითვლებოდა.

1928 წელს ფლემინგი თავის ლაბორატორიაში მუშაობდა, როცა შენიშნა, რომ სტაფილოკოკებით სავსე თეფში რაღაც უცნაური აპკით დაფარულიყო. მეცნიერი შვებულებაში ისე წავიდა, რომ ამ თეფშის გარეცხვა დაავიწყდა. დაბრუნებისას ნახა, რომ აპკი კიდევ უფრო გასქელებულიყო. მაშინ ფლემინგმა გადაწყვიტა მიკროსკოპში გაესინჯა ის. მეცნიერმა ნახა, რომ ამ აპკს სრულიად გაენადგურებინა სტაფილოკოკის მიკრობები. ასე აღმოაჩინეს პენიცილინი, რომელმაც შემდგომში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

6. კარტოფილის ჩიფსები - ითვლება, რომ 1853 წლის 24 აგვისტოს, ჩიფსები სრულიად შემთხვევით გამოიგონა ჯორჯ კრამმა. იგი სარაგოტას ერთ-ერთ რესტორანში შეფ-მზარეულად მუშაობდა. ერთხელ, ერთ-ერთმა კლინეტმა შეკვეთილი კარტოფილი ფრი უკან დაბრუნა, ამბობდა, რომ „ისინი ძალიან მსუქნები იყვნენ“. შეფ-მზარეულმა გადაწყვიტა, კარტოფილი ქაღალდის სისქეზე დაეჭრა და ისე შეეწვა. ექსპერიმენტმა გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ კლინტი შეფ-მზარეულის ნახელავს მის დაცინვად აღიქვამდა, დაგემოვნების შემდეგ, მისი გემოთი მოიხიბლა. პირველ ექსპერიმენტს „სარაგოტას ჩიფსი“ ეწოდა და ის სულ უფრო პოპულარული გახდა.

ნინი ქეთელაური