"რეზონანსი" - უცხოური ბაზრების შემდეგ ოქრო საქართველოშიც გაძვირდა

ზედიზედ მეორე თვეა, რაც ბაზრებზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. სპეციალისტების შეფასებით, ამის მიზეზი გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებია, რაზეც საბოლოოდ ლარის კურსმაც იმოქმედა. რაც შეეხება მოთხოვნას, მოვაჭრეების ინფორმაციით, კლებაა, რასაც ისინი სეზონურ ცვლილებას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ შემოდგომიდან რეალიზაციის გაუმჯობესებას ელიან.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ოქროს ღირებულებამ რეკორდულ ნიშანს მიაღწია. 26 აგვისტოს მდგომარეობით, comex-ის ბირჟებზე ფიუჩერსის ღირებულება 1%-ით გაიზარდა და ტრუას უნციისთვის (31,1 გრამი) 1393 ევრო შეადგინა, რაც აქამდე არსებულ ფასებში ყველაზე მაღალია.

ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს გაძვირება ძირითადად გლობალური პროცესებით და ლარის კურსით არის გამოწვეული. რაც შეეხება საბანკო რეგულაციების გავლენას, მათი თქმით, ძვირფასი ლითონის მომხმარებლები საბანკო განვადებებით იშვიათად სარგებლობდნენ და ამ მხრივ რეგულაციები გაყიდვებზე დიდად არ ასახულა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ ,,რეზონანსს" განუცხადა, რომ უცხოურ ბაზრებზე ძვირფასი ლითონის გაძვირება, სავარაუდოდ, მარაგების მოცულობას უკავშირდება. ფოფორაძის თქმით, ამ პროცესის გავლენა, შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარს არც დაეტყოს ან ცვლილება იქნება უმნიშვნელო.

,,ოქროს ფასი ყოველთვის განიცდის ცვლილებას, ხშირ შემთხვევაში, ეს დროებითია და მარაგების სიდიდით არის გამოწვეული. ტენდენცია აქაც აისახოს. ბოლო 2 თვეა, ქართულ ბაზარზე ოქრო ძვირდება, თუმცა ეს დინამიკა მთელი 1 წლის განმავლობაში გრძელდება და ფასი კლებისკენ არ გადახრილა. ქართულ ბაზართან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო რეგულაციებს ოქროს ფასსა და რეალიზაციაზე პრაქტიკულად არ მოუხდენია გავლენა. ლომბარდების ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა და ეს გადანაწილდა ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებზე. ამას ფასზე გავლენა დიდად არ მოუხდენია. ჯერჯერობით ბაზარს რეგულაციების კვალი არ ეტყობა", - განუცხადა ,,რეზონანსს" ნოდარ ფოფორაძემ.

ოქროს ბირჟის მოვაჭრეების ინფორმაციით, ფასში დიდი სხვაობა არ არის. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე ფასი 3-5 ლარით არის გაზრდილი.

ამასთან, როგორც ოქროს დილერი მარინა ლაბაძე განმარტავს, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაყიდვის სიმცირე შეიმჩნევა.

,,რა ძალისხმევაც არ უნდა გასწიო, როცა ფასი მატულობს და ადგილზეც სავალუტო კრიზისია, ფასის შენარჩუნება არის წარმოუდგენელი. ახლაც ამ ფაქტორის წინაშე ვართ. ეს პროცესი თვეობით გრძელდება. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ოქროს შეძენა გავუადვილოთ და მცირე შეღავათს ყოველთვის ვუწევთ. ამის შესაძლებლობას გვაძლევს ისიც, რომ იმპორტზე არ ვართ დამოკიდებული, ძირითადად ადგილზე შესყიდულ ძვირფასეულობას ვყიდით, ცხადია, იმპორტულიც შემოდის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამას ბაზრის ძირითადი სეგმენტი ეკავოს. ჩვენს შემთხვევაში ასეა, მაღაზიებში უფრო იმპორტული ნაწარმია წარმოდგენილი. მიმდინარე წლიდან მოყოლებული, ოქრო 3-5 ლარის ფარგლებშია გაძვირებული. მიუხედავად ამისა, ოფიციალურად დაფიქსირებულ ფასს თითო ლარს მაინც ვაკლებთ, რომ მყიდველი არ დავკარგოთ. ქართული ოქროს ბაზარი უცნაური ტენდენციით ხასიათდება, რაღაცნაირი ჩაკეტილი სივრცეა შესამჩნევი თავისებურებებით”, - ამბობს მოვაჭრე.

ცნობისთვის, ევროში ოქროს ფასი ყველაზე მაღალი ბოლოს, 2011 წელს იყო, მაშინ ერთი უნცია 1386 ევრო ღირდა, ხოლო დოლარში კი მისი ფასი პიკზე იყო - 1800 დოლარი იყო.

ექსპერტები ძვირფას ლითონზე ფასების ზრდის მიზეზად აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის მორიგ ესკალაციას ასახელებენ. HSBC-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ოქროს ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"