პოლონეთისა და აშშ-ის ხელისუფლებების წარმომადგენლები ვარშავაში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ დიალოგის დაწყებაზე, რომლის მიზანიც პოლონეთში ატომური ენერგეტიკის განვითარება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მხარე ავრცელებს.
„დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება პოლონურ-ამერიკული ფორუმი, რომლის მიზანიც იქნება თავი მოუყაროს ორივე ქვეყნის მეწარმეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ატომური ენერგეტიკით და ხელს შეუწყობენ ამ პროექტის განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი ინფორმაციით, პოლონეთი მომდევნო 20 წელიწადში აპირებს 6 ბირთვული ენერგობლოკის მშენებლობას. ამ პროექტში პარტნიორად ის აშშ-ს, იაპონიას და სამხრეთ კორეას განიხილავს. ვარშავა ეძებს პარტნიორს, რომელიც პროექტში ჩადებს ღირებულების 49%-ს და ჩაერთვება მის განხორციელებაში.