ფინანსთა სამინისტრო თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების საკითხს სწავლობს

დაახლოებით 25 მილიონამდე დეფიციტზეა საუბარი, რომლის დასაფარად შესაძლოა, თბილისის მერიას მოუწიოს სესხის აღება,

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, თბილისის ბიუჯეტში პრობლემებია.

"თბილისის მერთან მქონდა საუბარი, ჩვენი თანამშრომლები მუშაობდნენ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან იმისათვის, რათა რევიზია მომხდარიყო ბიუჯეტის. თბილისის ბიუჯეტში პრობლემებია, დახარჯულია სოციალური ვალდებულებებით აღებული პრაქტიკულად, მთელი ბიუჯეტი და დარჩენილი ოთხი თვის განმავლობაში მერიას აღარ ჰქონდა ამის რესურსი", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო სწავლობს თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების საკითხს.

ამასთან, დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი არასწორად იყო დაგეგმილი და არარეალურად მაღალი იყო ქონების გადასახადის და პრივატიზაციის შედეგად მისაღები შემოსავლების მოცულობა, რისი მობილიზებაც ქალაქის ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

"შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მცირდება, გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკულად, ბოლომდე იქნება გახარჯული ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში გათვალისწინებული თანხები, ამიტომ, წლის ბოლომდე აუცილებლად გვჭირდება რამდენიმე მილიონი ლარი რაიონული გამგეობებისთვის. იმდენად მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა ბიუჯეტში, რომ ბიუჯეტი იქნება დეფიციტური და დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე თანხის სესხება მოგვიწევს. ამაზე გვქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან, კონსულტაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ მოგვცენ თანხმობა სესხებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.