საუდის არაბეთში ძვირადღირებული ეკო-მეგობრული კურორტი შენდება (+ფოტო)

საუდის არაბეთში ტურიზმის სფეროს მიმართ ინტერესი იზრდება. საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ახალ სასტუმროებსა და მიმზიდველ წერტილებში მილიარდობით თანხას ხარჯავს, რათა საუდის არაბეთი რეგიონის კიდევ ერთი მიმზიდველი და ძვირადღირებული ტურისტული მიმართულება გახდეს.

როგორც გამოცემა Euronews-ი წერს, პრინცმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ეკო-მეგობრული მასალებით განხორციელდეს. ეკო-მეგობრული მასალების გამოყენების ვალდებულება ექნებათ როგორც უდაბნოს საზღვრებთან არსებულ კერძო მესაკუთრეებს, ისე მეგა პროექტებს, რომლებიც მასშტაბური მშენებლობების განხორციელებას გულისხმობს.

Euronews-მა კითხვით მიმართა HKS Architects, რომელიც მთელ ამ პროცესზეა პასუხისმგებელი, რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც მომავალ წელს, წითელი ზღვის სანაპიროზე ნული გამონაბოლქვის მქონე დასასვენებელი სივრცის მშენებლობას გულისხმობს, ასევე, მათი გუნდი როგორ, რა მეთოდებით იზრუნებს გარემოს დაცვაზე.

ფირმა ცდილობს, გარემოს დაცვაზე მაქსიმალურად იზრუნოს. მშენებლობის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება, რომ ნახშირბადი გარემოში არ გავრცელდეს. ამ პროექტზე კი კომპანია Amaala იმუშავებს.

Amaala სანაპიროზე, 12 კილომეტრის სიგრძესა და ჯედიდან ჩრდილოეთით, 800 კილომეტრში, სამ დასასვენებელ სივრცეს ააშენებს. ორი კომპლექსის დიზაინი და ქალაქის გენერალური გეგმა HKS-ს ეკუთვნის. აღნიშნული გენერალური გეგმა გასულ წელს გახდა ცნობილი და ის როგორც მფრინავების დასაჯდომ ადგილებს, ისე იახტისთვისა და მყვინთავებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს ითვალისწინებს.

Euronews დეტალურად გვიამბობს იმ პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებასაც საუდის არაბეთი გეგმავს. მათი ინფორმაციით, წითელ ზღვაში, ეგვიპტის მხარეს მასობრივი ტურიზმის გამო რიფებს არასასიამოვნოდ ეპყრობოდნენ. ახალ პროექტში კი მათი დაცვა და კონსერვაცია გათვალისწინებულია. პროექტის ავტორების თქმით, დაიცავენ მარჯნის რიფებს, კუებსა და სხვა წყლის ცხოველებს, რათა საკუთარ სახლებში მშვიდად იცხოვრონ.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, Amaala-ს 3 სივრცეს განსხვავებული ფუნქცია და ხასიათი ექნება. პირველი ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და სპორტზე იქნება ორიენტირებული, ამიტომ ის მოიცავს კვლევით ინსტიტუტს, სამედიცინო და დასასვენებელ ცენტრებს. მეორე კომპლექსი ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი იქნება და ვიზუალით, სოფელს დაემსგავსება. ის მოიცავს მუზეუმებს და უმასპინძლებს მსოფლიო მასშტაბის კულტურულ ღონისძიებებს.

მესამე მიმართულებაც მეორე კულტურული ჰაბი იქნება, რომელიც რივიერას სტილის დასვენებას მოიცავს.

დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - მზის ენერგიის გამოყენებაა. კომპანია Amaala გეგმავს, რომ სისტემა მზის ენერგიაზე ააწყოს.

არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ ელექტრობის საჭიროებას მინიმუმამდე შეამცირებენ ქვეყანაში, სადაც ზამთარშიც კი ტემპერატურა 20 გრადუსზე ქვემოთ იშვიათად ჩამოდის.

გეგმის დიზაინერები და პრინცი მუჰამენ ბინ სალმანი იმედოვნებენ, რომ ეს ტურისტული მიმართულება თავისი ეკო-მეგობრულობის გამოც ძალიან მიმზიდველი იქნება.

ახალი ტურისტული მიმართულება ახალ აეროპორტს საჭიროებს. აეროპორტიდან კი სტუმრებს მხოლოდ ელექტრომობილებით გადაადგილება შეეძლებათ, რათა გარემოში გაზების გამოფრქვევას ხელი შეუშალონ.

მოამზადა მერიამ მენაბდიშვილმა