პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს.
„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, - წერს ბახტაძე.
როგორც მამუკა ბახტაძე წერს, იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.
"მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს", - წერს ბახტაძე.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, როგორც შეიცვალა და რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ბახტაძე.
მის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მამუკა ბახტაძის ანაზღაურებამ ჯამში, 62 333.34 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წლის 21 ივნისამდე პერიოდში ფინანსთა მინისტრობისას მისმა შემოსავალმა ამ პოსტზე 35 416,67 ლარი, ხოლო 21 ივნისიდან 31 დეკემბრის პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი 26 916,67 ლარი შეადგინა.
მის მიერ 31 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის ქონება არ შეცვლილა და მას არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ შეუძენია. კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, ბახტაძე კვლავ მცხეთაში მდებარე 355,05 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 670 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2016 წელს აქვს ჩუქებით მიღებული.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, გასულ წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით, მცირედი განსხვავებაა. კერძოდ, 2019 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ბახტაძეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 28 331.1 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 4 500 ლარი ჰქონდა. მაშინ როცა წინა წელს საბანკო ანგარიშზე 8 ათას ლარზე მეტი ჰქონდა.
მასვე, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 10 000 ლარის საკრედიტო ხაზი აქვს გახსნილი, თუმცა გასავალი არ უფიქსირდება.