„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების მიხედვით, პირველი სექტემბრიდან ქალაქ ჭიათურაში მადნითა და კონცენტრანტით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანები აღარ გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიამ ძირითადი უბნებიდან მადნის გადატანა შემოვლითი გზით, სარკინიგზო ხაზით უზრუნველყო, რაც ქალაქის საავტომობილო გზას მნიშვნელოვნად განტვირთავს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა, ადმინისტრაციულმა დირექტორმა თემურ ხონელიამ და კომპანიის საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან გივი მოდებაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან და მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, ის ობიექტები დაათვალიერეს, სადაც მადანი საბოლოოდ დასაწყობდება და რომლის საშუალებითაც ჭიათურაში გარემოსდაცვითი პრობლემები აღმოიფხვრება.
„დღეიდან ძალაში შედის შეთანხმება ქალაქის ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების შეზღუდვის შესახებ. „ჯორჯიან მანგანეზმა" სიტყვა შეასრულა. ჩვენ ვნახეთ დასრულებული, ზოგან ჯერ კიდევ მიმდინარე სამუშაოები. ამიერიდან, მადნის დასაწყობება რკინიგზით იქნება შესაძლებელი. რჩება მცირე ნიუანსები, რაც თანდათან მოგვარდება. ვფიქრობთ, მომავალ პერსპექტივებზე, რომლებიც დავსახეთ საწარმოს ხელმძღვანელებთან ერთად და მათ ეტაპობრივად განვახორციელებთ“,- განაცხადა გივი მოდებაძემ.
6 ობიექტის სარემონტო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ობიექტებზე განთავსდა სამრეცხაოები, რომლებიც ყველა დაბინძურებულ ავტომანქანას დაასუფთავებს. ასევე, „პეროფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სანაყარო.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ კოოპერატორის მადნებისათვის ახალი სასაწყობო მეურნეობის მოწყობაც უზრუნველყო, რომელიც დაახლოებით 45 ათასი ტონის დასასაწყობებლად არის გათვლილი.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ეკოლოგიის დაცვა შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, განხორციელებული პროექტების გარდა, მიმდინარეობს რკინიგზის ბაქნის მშენებლობაც, რომელიც გადამზიდი ვაგონების დასატვირთად გამოიყენება. გარდა ამისა, აიგება ბეტონის მოედანი, შენდება ერთი საგუშაგო, ორი მესასწორის ოთახი და ლაბორატორია.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა, „პრობლემის 90%, რომელიც მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობას ეხება, აღმოფხვრილია“.
„6 ობიექტზე დავათვალიერეთ ის სარეცხები, რომლებიც სრულად აღკვეთს დაბინძურებული მანქანების საერთო სარგებლობის გზებზე გამოყვანას. მოეწყო კიდევ ერთი ახალი სანაყარო ე.წ. პეროფის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, მოეწყო ახალი სასაწყობე მეურნეობა კოოპერატორის მადნებისთვის, რომლებიც გათვლილია 45 ათასი ტონა მადნის დასასაწყობებლად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემის 90%, რომელიც მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობას ეხება, აღმოფხვრილია. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სრულად გადავიდეთ ტრანსპორტირების ისეთ საშუალებებზე, როგორებიცაა რკინიგზა და საბაგირო. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენ შევძლებთ, ნედლი მადნისა და კონცენტრატის ტრანსპორტირება მანქანით ქალაქში სრულად აღმოიფხვრას“,- აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.
მაჟორიტარ დეპუტატის სულხან მახათაძის განცხადებით, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ცენტრალურ უბნებზე გადაადგილების საკითხი მოგვარდება.
„ჩვენ დავათვალიერეთ ის ობიექტები, რომელიც გაფიცვებისა და მაისის მოვლენების შემდგომ, შეთანხმების საგანს წარმოადგენდა. ერთ-ერთი და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ცენტრალურ უბნებზე გადაადგილების საკითხის მოგვარება და სარკინიგზო ხაზზე გადასვლა იყო. ის რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, რადიკალურად შეცვლის ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას და მაქსიმალურად გამოასწორებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ იძლევა იმის პირობას, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ კომპანიის ხელმძღვანელებს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და საინიციატივო ჯგუფს შორის, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიდის საუბარი იმ თემებზე, რომელიც ქალაქის ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე, მათი პირობების და საწარმოო პროცესის უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა და გვერდში დგომაც გვაქვს.
ვფიქრობ, წლობით მოუგვარებელი პრობლემები, რომელიც დღეს ერთად არის თავმოყრილი, ეტაპობრივად მოგვარდება და ამას იგრძნობენ როგორც კომპანიაში დასაქმებულები, ასევე, ქალაქის მოსახლეობა. ეს წარმატებული პროცესი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა ჭიათურა ევროპული ტიპის განვითარებულ ქალაქების სიას შეემატოს“,- განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ.