"ლიბერთი ბანკი" "სოლიდარობის ფონდში" ყოველთვიურად, 20 ათას ლარამდე გადარიცხავს

"ლიბერთი ბანკი" "სოლიდარობის ფონდში" ყოველთვიურად, დაახლოებით 20 ათას ლარს გადარიცხავს.

"სოლიდარობის ფონდსა" და "ლიბერთი ბანკს" შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ დღეს მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა და "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, "ლიბერთი ბანკი" არის პირველი კერძო კომპანია, რომელმაც მემორანდუმი გააფორმა "სოლიდარობის ფონდთან". ამ მემორანდუმით, "ლიბერთი ბანკი" გარკვეულ კონტრიბუციას განახორციელებს ფონდში ბანკის პროდუქტების მეშვეობით.

მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ ფონდში დღეისათვის ყოველთვიური დონაცია 100 ათას ლარს არ აღემატება. პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება 18 წლამდე სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დაფინანსებაზე. ფონდში მობილიზებული თანხების გაზრდასთან ერთად ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური კუთხით დახმარება გააქტიურდება. შემდეგ ასევე მოხდება ონკოლოგიურ პაციენტთა ასაკობრივი სპექტრის გაზრდა.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, სექტემბრის პირველ კვირაში ფონდის მიერ დასახელდებიან ის პირველი ბენეფიციარები, რომლებიც ფონდიდან დაფინანსდებიან.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი პირი, რომელიც "ლიბერთი ბანკის" ბარათით განახორციელებს გადახდას, ბანკი ყოველ ასეთ გადახდაზე 5 თეთრს "სოლიდარობის ფონდში" გადარიცხავს. ასევე, მოქალაქე, რომელიც ისარგებლებს "ლიბერთი ბანკის" ექსპრეს ფულადი გზავნილებით, ამ გზავნილიდან შემოსული თანხის 5 %-იც ასევე გადაირიცხება "სოლიდარობის ფონდში".

გიორგი არველაძის თქმით, "ლიბერთი ბანკის" საკრედიტო ბარათით "მეჯიკ ქარდით" სარგებლობისას ყოველ მეათასე ტრანზაქციის დროს განხორციელებული თანხა კლიენტს ბანკისგან ანგარიშზე საჩუქრად უბრუნდება. იმავე ოდენობის თანხას ბანკი კი ამიერიდან "სოლიდარობის ფონდში" გადარიცხავს.

არველაძის განცხადებით, სმარტფეის მეშვეობით ნებისმიერი პირი, რომელიც ამოწმებს თავის ანგარიშს, იხდის 4 თეთრს. ამ თანხიდან ყოველი ასეთი შემოწმების დროს 2 თეთრი ბანკის მიერ "სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება.

გიორგი არველაძის თქმით, მოქალაქეებს შეუძლიათ მათი სურვილის შესაბამისად, თანხა "ლიბერთი ბანკის" მეშვეობით ფონდში გადარიცხონ. ბანკში მისულ მოქალაქეებს თანამშრომლები კომუნალური გადახდების განხორციელებისას ასევე შესთავაზებენ თანხა გადარიცხონ "სოლიდარობის ფონდში", თუნდაც ეს 10 თეთრი იყოს.

როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ყველა ჩამოთვლილი ბანკის პროდუქტიდან შემოსული თანხით, შესაძლოა, ყოველთვიურად "სოლიდარობის ფონდში" 20 ათას ლარამდე გადაირიცხოს.