გენერალური პროკურატურა უარყოფს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დიპლომატებთან დახურული შეხვედრის დაგეგმვის თაობაზე.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებს, უცხოელი ექსპერტები ჩართულები არიან და მათ დასკვნას საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები აუცილებლად გაეცნობიან.
„საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ უწევს პასუხი გასცეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული პირების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ არასწორ განცხადებას.
საქართველოს პროკურატურამ კანონით დადგენილი პროცედურებით გამოხატა ბრალდების მხარის პოზიცია, როდესაც მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დაიწყო სისხლის სამართლის დევნა ბრალდებულთა მიმართ.
გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. პროკურატურა ამ საქმეზე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მუდმივად ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას. ამასთან, დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მოპოვებულ მტკიცებულებებს და ჩაატაროს შემხვედრი მოქმედებები.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარის ინიციატივით, უკვე ჩართულები არიან უცხოელი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები.
რაც შეეხება ბრალდებულთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ დროს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
აქვე დავძენთ, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია პრეზუმფციული ხასიათის ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შესთავაზა.
ბრალდებულთა მხრიდან ექსპერტების საქმიანობის და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართ ეჭვების დაფიქსირება, მათი მხრიდან პრევენციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს წინმსწრებად დასკვნის დისკრედიტაციას.
ობიექტურობის და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებით, უარი თქვა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე, როდესაც მსგავსი შინაარსის საქმეებში მხილებული პირები სასამართლოს განაჩენს წინასწარ პატიმრობაში ხვდებიან. ამის ნაცვლად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების პირობებში და არც მათი გადაადგილებაა შეზღუდული, მათ შორის, არც საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.
საქართველოში სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტების დაცვით და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რასაც ცალსახად ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.
ბრალდებულთა მხრიდან ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიუხედავად, საქმეზე გამოძიება გაგრძელდება ობიექტურად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.