ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერი ჩამოფრინდა

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა.

ლიეტუვას დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორ შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 95% ბათუმსა და ქობულეთში გეგმავს დასვენებას. ფრენებს ავიაკომპანია GetJet Airlines ასრულებს და ის სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განხორციელდება. 2020 წლისთვის იგეგმება ფრენების სიხშირის გაზრდაც. ვილნიუსი-ბათუმის ჩარტერები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში შესრულდება. ის, ტალინი-ბათუმის ჩარტერული ფრენების მსგავსად, ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტალინის შემდეგ ბათუმში ჩარტერები უკვე დაიწყო ვილნიუსიდანაც. ამ შემთხვევაში ფრენები გაგრძელდება სექტემბრის ბოლომდე, თუმცა სასიხარულოა, რომ კომპანია გეგმავს ფრენების გაზრდას. შემდეგი წლისთვის, უკვე მთელი ზაფხულის ტურისტულის სეზონის განმავლობაში გვექნება ჩარტერული რეისები ლიეტუვას დედაქალაქიდან. ესტონეთისა და ლატვიის მსგავსად, ლიეტუვა ჩვენთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების რეკლამირებას აქტიურად ვანხორციელებთ. შესაბამისად, რაც მეტი ფრენა გვექნება ევროპიდან ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს მიმართულებით, მით უფრო მეტი ევროპელი ტურისტი ესტუმრება ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.