დავით ნარმანია - გამოცხადებულ ტენდერებთან მიმართებაში უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო

თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის მიერ ტენდერების შეწყვეტის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, გამოცხადებულ ტენდერებში არ არის განსაზღვრული კონკრეტული პირობები სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თბილისის მერი აცხადებს, ტენდერებთან მიმართებაში იყო უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

"ჩვენი წინამორბედების მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან მიმართებაში იყო უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, არ იყო განსაზღვრული კონკრეტული პირობები სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. შეწყვეტილი ტენდერების ძირითადი ნაწილი კეთილმოწყობის სამუშაოებს ეხება. არ იყო განსაზღვრული კონკრეტულად გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები, ექსპლუატაციის ვადა ზოგ შემთხვევაში იყო ძალიან დაბალი. მაგალითისთვის, სპორტული მოედნების მშენებლობა შემიძლია დავასახელო, სადაც ექსპლუატაციის და ვარგისიანობის ვადა იყო 6 თვით განსაზღვრული. თუ ზამთარში გაფუჭდებოდა სპორტული ახალი მოედანი, კონტრაქტორს პასუხს ვერ მოვთხოვდით. ასეთი იყო სხვა ტენდერების უმრავლესობაც, ამიტომაც შევწყვიტეთ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ახალი ტენდერები გამოცხადდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელ კომპანიებს მოეთხოვებათ საბანკო გარანტიების წარმოდგენა, სამუშაოების უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და ხარისხიანად შესრულება.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 31 ინფრასტრუქტურულ პროექტზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.