განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში სექტორის ბრუნვამ 501.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 72 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან სექტორის ბრუნვა 429,4 მლნ ლარს შეადგენდა.
ბრუნვის ზრდის ანალოგიურად, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში მოიმატა დასაქმებულთა რაოდენობამაც. 2018 წლის მეორე კვარტალში სექტორში სულ დასაქმებული იყო 35 644 ადამიანი, წელს მეორე კვარტალში კი დასაქმებულთა რაოდენობამ - 38 690 შეადგინა, საიდანაც 23 660 ადამიანი საკვებით და სასმელებით მომსახურების ობიექტებზე მუშაობდა.
ამასთან, დაახლოებით 58 ლარით გაიზარდა სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება და 2019 წლის მეორე კვარტლისთვის 925 ლარი შეადგინა. (2018 წლის მეორე კვარტალში - 867,3 ლარი). სასტუმროებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 190,3 ლარს შეადგენს, კვების ობიექტებში დასაქმებულების კი 757,6 ლარს.