საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტო შეიქმნება - რა ფუნქციები ექნება სსიპ-ს

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტო შეიქმნება.

ამის შესახებ მთავრობის 26 აგვისტოს დადგენილებაშია აღნიშნული.

დადგენილების მიხედვით, სააგენტო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარებისა ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებადმონაცვლე იქნება. შესაბამისად, მათი ფუნქციები, უფლებამოსილებანი და მათ სარგებლობაში არსებული ქონება სააგენტოს გადაეცემა.

ახალგაზრდობის სააგენტოს კონტროლს საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

რაც შეეხება სააგენტოს ფუნქციებს, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ის შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით.

სააგენტო ფუნქცია-უფლებამოსილება იქნება მათ შორის, ახალგაზრდობასა და ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისთვის საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება, მუნიციპალური დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკისა და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, კვლევების განხორციელება ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე და გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი პროგრამების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება და ფინანსური რესურსით დახმარება კომერციულ თუ სოციალურ საქმიანობაში ახალგაზრდობისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის და ა.შ.

თაია არდოტელი