ჩეხეთში ორი ქართული კომპანიის „მანნასა“ და „ქარელის ხილის“ სარეკლამო კამპანია დაიწყო.
მათ მიერ წარმოებული პროდუქტების - პრემიუმ ხარისხის ქართული ჩაისა და ქართული ჩირის სარეკლამო პოსტერები პრაღის მეტროს თითქმის ყველა ვაგონზეა წარმოდგენილი. სარეკლამო კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.¥
„მანნასა“ და „ჩიკორის“ ჩეხი პარტნიორები სექტემბრიდან ჩეხეთის სხვა ქალაქებშიც გეგმავენ მარკეტინგულ აქტივობებს. კერძოდ, „მანნას“ პოსტერები უკვე ტრამვაის გარე ფასადებზეც გამოჩნდება ქალაქებში ბრნო და ოსტროვო. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - სექტემბერშივე პრაღის ცენტრში იხსნება სპეციალური ჯანსაღი საკვები პროდუქტების მაღაზია, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ პრემიუმ ხარისხის „მანნას“ ბიო/არაბიო ჩაისა და უგემრიელესი ქართული ჩირის „ჩიკორის“ შეძენა.
„რაც შეეხება ინტერესს მანნას ჩაის მიმართ ის საკმაოდ მაღალია. ჩეხეთში ჩვენი ჩაი სხვადასხვა სუპერმარეკეტის ქსელების გარდა ჰორეკა მიმართულებითაც საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი“ - ამბობს მანნას გაყიდვების მენეჯერი თიკო ჟორჟოლაძე.
აღსანიშნავია ასევე, რომ სექტემბრიდან „ქარელის ხილი“ ჩეხებს ჩირის დეგუსტაციას შესთავაზებს. „ჩიკორი“ გაიყიდება სავაჭრო ქსელებშიც, სადაც ქართულ ჩირის დაგემოვნება ყველა სტუმარს შეეძლება.
„ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ჩირის ექსპორტი ხდება ლიეტუვაში, ჩეხეთში, ჩინეთსა და რუსეთში. ჩეხეთის მიმართულება იმით გამოირჩევა, რომ იქაური პარტნიორების დახმარებით სარეკლამო პოსტერები განთავსდა პრაღის მეტროს მატარებლებში. ამ ეტაპზე სარეკლამო პოსტერები განთავსებულია 3 პროდუქტზე - საზამთროს, ქლიავის და ხურმის ჩირზე. დაგეგმილი გვაქვს გრძელვადიანი მარკეტინგული აქტივობა ლოიალურობისა და მოთხოვნის ზრდის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ 3-4 წლის შემდეგ „ჩიკორი“ ჩეხეთში იქნება ისეთივე პოპულარული, როგორიც საქართველოშია“, - განაცხადა „ქარელის ხილის“ დირექტორმა ვატო დემურიშვილმა და დასძინა, რომ დღეისათვის ჩეხეთში ყველაზე პოპულარული ქლიავის და ხურმის ჩირია.
„ჩიკორის“ მწარმოებელი კომპანია, ქარელის აგროინდუსტრიული საწარმო „ქარელის ხილი", 2016 წელს გაიხსნა. უკვე 2017 წელს კი წარმოებული პროდუქცია ჯერ ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდა, შემდგომ კი ექსპორტზე გავიდა. ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ბრენდით ბაზარზე 12 სახეობის ჩირი იყიდება, 4 სახეობის ჩირი კი შოკოლადში ამოვლებული სახით.
ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „მანნა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში 2017 წლის ივლისში გაიხსნა. თავდაპირველად კომპანია 4 სახეობის ჩაის აწარმოებდა. ორწლიანი მუშაობის შემდეგ ასორტიმენტი 12 სახეობამდე გაიზარდა. დღეს „მანნას“ ბრენდით ბაზარზე გამოდის: კლასიკური მწვანე და შავი ჩაი, შავი ჩაი ბეგქონდარით, მწვანე ჩაი პიტნით (ერთჯერადი და დასაყენებელი); შავი ჩაი მოცვის ფოთლით და შავი ჩაი ასკილით, შავი ჩაი ლიმონით და მწვანე ჩაი ლიმონით.
„მანნას“ პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტების ქსელში, ასევე სხვადასხვა სასტუმროებსა და კაფე-ბარებში. „მანნას“ ჩაის დაგემოვნება მომხმარებელს უკვე აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყანაში - ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთსა და ლატვიაში შეუძლია, ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთან, უკრაინასთან, საუდის არაბეთთან, აშშ-სთან და ბელორუსთან.
„მანნაც“ და „ქარელის ხილიც“ სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიებია. „სინერჯი კაპიტალი“ სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.
გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის შესახებ.
1. განხორციელებული საინვესტიციო პროექტები
2. გუნდი
3. სიახლეები