"ისეთი დაბალი ხელფასი, როგორც საბავშვო ბაღებშია, საჯარო სამსახურებში არსად არ არსებობს"

„ისეთი დაბალი ხელფასი, როგორც საბავშვო ბაღებშია, სხვა საჯარო სამსახურებში არსად არ არსებობს,“ - ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილ მიხეილ ბატიაშვილს უსმენენ. ნაცვლიშვილმა მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა, აპირებს თუ არა ბაღის მასწავლებლების ხელფასების გაზრდას.

„მისასალმებელია სკოლის პედაგოგების ხელფასების გაზრდა, თუმცა თქვენ იცით, ბაღებში რა ვითარებაა. ისეთი დაბალი ხელფასი, როგორც საბავშვო ბაღებშია, სხვა საჯარო სამსახურებში არსად არ არსებობს. მეორე ცვლაში მყოფ ბაღის აღმზრდელებს აქვთ დაახლოებით 150-180 ლარი. ამით ადამიანი ვერ იცხოვრებს იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმი საქართველოში, გულწრფელად რომ დავთვალოთ და არა ისე, როგორც საქსტატი ითვლის, 1 ადამიანზე 390 ლარია. მაინტერესებს თუ აპირებთ ბაღის მასწავლებლების ხელფასის გაზრდას და თუ აიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას?“ - მიმართა ნაცვლიშვილმა მიხეილ ბატიაშვილს.