ჩინური მედია Zara-ს მაღაზიათა ქსელისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ითხოვს

ჩინური მედია მსოფლიოში ცნობილ ესპანურ მაღაზიათა ქსელ Zara-სთვის ბოიკოტის გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ამის მიზეზი ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციები გახდა. ჰონგ-კონგში არსებულ Zara-ს რამდენიმე ფილიალში მომსახურე პერსონალს კომპანიამ უფლება მისცა, სამუშაო საათებში მაღაზიის მუშაობა დროებით შეეჩერებინა და საპროტესტო აქციას შეერთებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას ჩინურ სოციალურ მედიაში მწვავე შეფასებები მოჰყვა, ისინი ხელისუფლებას კომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას სთხოვენ.

Zara-ს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ დაგეგმილი აქციების გამო ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება იყო მოსალოდნელი და ამიტომ პეროსნალი სახლში ადრე გაუშვეს. თუმცა, მათმა პასუხმა სოციალურ მედიაში გაჩენილი უკმაყოფილება ვერ განმუხტა.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში დაიწყო. მოსახლეობა ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებს. ისინი მოითხოვენ, რომ ოფიციალური პეკინი მათ შიდა საქმეებში არ ჩაერიოს.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა