ჩვენ დავიწყეთ ფასების კონტროლი - ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის პრობლემა ან საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემა, - ამის შესახებ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა.
ტიკარაძის განმარტებით, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია გარკვეული ხარვეზები და პრობლემატიკა იმისი, რომ ჯანდაცვაში ფასები მუდმივად მზარდია.
“ფასების ზრდას ყველა ქვეყანა ებრძვის. ისინი სხვადასხვა ბერკეტებს იყენებენ იმისათვის, რომ ხარვეზები აღმოფხვრან და უფრო ეფექტურად მართონ თანხები. ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, არის შემდეგი - ჩვენ პირველ რიგში, ვიმუშავეთ ფასწარმოქმნის პოლიტიკაზე. ფასწარმოქმნის პოლიტიკით ჩვენ დავადგინეთ ტარიფები. ტარიფების დადგენით, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ ყველა სერვისების მომწოდებელზე, პარალელურად ავამოქმედებთ სელექტიურ კონტრაქტებს. სელექტიური კონტრაქტების მექანიზმი, რა თქმა უნდა, ჩვენს ფინანსებს მეტად ხარჯთეფექტურს გახდის. ეს იქნება გადადგმული პირველი ნაბიჯი. ჩვენ არ ვთვლით, რომ უნდა ვიყოთ რადიკალურები, ვინაიდან ეს ყველაფერი დაკავშირებულია პაციენტის სამედიცინო საჭიროებების მიწოდებაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან დინამურად, ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცდებით სახსრები იმართოს მეტად ეფექტურად“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ პარლამენტში მოსმენისას.