რა ქონებას ფლობს ლევან იზორია, რომელიც თავდაცვის მინისტრობიდან დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე გადაინაცვლებს

დაანონსებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად ინიშნება, ხოლო მოქმედი მინისტრი ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობასა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციას დაიკავებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა ქონებას ფლობს ლევან იზორია და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა.

2018 წლის 28 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იზორიას სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში იზორიას საბანკო ანგარიშზე - 3 250,78 ლარი ჰქონდა.

მისმა შემოსავალმა 2017 წელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე 106 120,63 ლარი; ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობისას - 7 200 ლარი შეადგინა.

მანვე 2017 წლის განმავლობაში ქონების გადასახადის სახით - 1 713,67 ლარი; საშემოსავლო გადასახადის სახით (საცხოვრებელის სახლის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლიდან) 4 590 ლარი გადაიხადა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ნათესავზე (ზეპირი ფორმით დადებული გარიგება) 6 000 დოლარი ჰქონდა გასესხებული.

იზორია მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს 386 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დიღომში, რომელიც 2018 წელს 390 000 ლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე: 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი და 414 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობა "ატმიანში", ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული 700 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი დიღმის საცდელ მეურნეობაში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 1 440,08 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა 2017 წელს სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე - 27 640,07 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში ლევან იზორიასა და მისი მეუღლის სახელზე რამდენიმე სესხიც ფიქსირდებოდა.

ცნობისთვის, იზორია თავდაცვის მინისტრად 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა, მანამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო 2012 - 2015 წლებში შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

თაია არდოტელი