საჭიროა თუ არა ამბიციები წარმატებისთვის?

საიდან ჩნდება ამბიციები და საჭიროა თუ არა ისინი თანამედროვე ცხოვრებაში?

ამის შესახებ BBC Capital-ი წერს.

მაიკ კოინი ყოველთვის ამბიციური პიროვნება იყო. ახალგაზრდობაში სიამოვნებით დგებოდა დილით ხუთ საათზე, რომ ვაშინგტონში ოჯახურ ფერმაში ემუშავა. სკოლის დამთავრების შემდეგ მაიკი არმიაში წავიდა და ორწლიან კურსზე ჩაეწერა, სადაც ომის წარმართვის კრიპტოგრაფიულ მეთოდებს ასწავლიდნენ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მალევე დააწინაურეს.

კოინს მამამ საკუთარ მაგალითზე უჩვენა, როგორ უნდა თავაუღებლად მუშაობა - ის ყოველთვის ადრე დგებოდა, რომ ცხენები დაეპურებინა და სამი სახლი დაელაგებინა. ამასთან, კოინის აზრით, წარმატებისკენ ლტოლვა მას გენეტიკურად გადაეცა.

რატომ ხდება, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც მაიკ კოინია, ცდილობენ გახდნენ ლიდერები, სხვები კი კმაყოფილდებიან ერთ ადგილზე მრავალწლიანი სამუშაოთი და შენელებული კარიერული წინსვლით? საქმე იმაშია, თუ რომელი ტიპის ადამიანი ხართ - გუნდური მოთამაშე თუ პიროვნება, რომელსაც წარმატების დაუოკებელი სურვილი აქვს.

ამბიციურობის განსაზღვრება

ორმა ამერიკელმა პროფესორმა თავის კვლევაში სცადა გაერკვია, რატომ ჰქონდათ ერთი კატეგორიის ადამიანებს ამბიციები, ხოლო მეორე კატეგორიას - არა. 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამბიციურობა პირველ რიგში, გულისხმობს სტატუსის და მიღწევების მოპოვების სურვილს.

"საქმე იმაში არაა თუ რამდენად ბევრს შრომობთ, მთავარი დასახული მიზნის მიღწევა და შესაფერისი სტატუსის მოპოვებაა", - მიიჩნევს მინესოტას უნივერსიტეტის მენეჯმენტის დოცენტი ჯონ მიულერი. ამბიციურ ხალხს აუცილებელი არაა, კომპანიის სათავეში ყოფნა უნდოდეთ. ზოგს უნდა საუკეთესო ინჟინერი გახდეს.

მიუღებლობა

ჯონ მიულერის თქმით, ბევრი ამბიციურობას ნაკლად მიიჩნევს. არესებობს მოსაზრება, რომ ამბიციური ადამიანები ეგოისტები და ყოველთვის უკმაყოფილონი არიან. ზოგ ქვეყანაში ამბიციური ადამიანი საზოგადოებისთვის მიუღებელია. მაგალითად, იაპონიაში ადამიანი, რომელიც ცდილობს ამბიციების დემონსტრირებას, რისკავს, რომ საზოგადოებისთვის გარიყული იყოს.

საკუთარი თავის რწმენა

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ადამიანის ამბიციებზე გავლენას ახდენს. ერთ-ერთი უმთავრესი - თვითშეფასებაა. კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომელსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ, უფრო ამბიციურები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს.

აგრეთვე მნიშვნელოვანია ოჯახის ისტორია, თან ეს მრავალ კულტურაში აქტუალური საკითხია. თუ ადამიანს წარმატებული მშობლები ყავს, დიდი ალბათობით, თავადაც ამბიციური იქნება. რადგან მისი მშობლები წარმატებულები არიან, მას მიაჩნია, რომ იმ კლასს მიეკუთვნება, რომელიც ცხოვრებაში ბევრს აღწევს. ამ ადამიანების ლოგიკა ასე მუშაობს: ჩემგან ბევრს მოელიან, მე შემიძლია და ვალდებულიც ვარ პრესტიჟული სამუშაო მოვიპოვო.

იაპონიაში ურჩევნიათ სამუშაოდ გულახდილი და მორიდებული კურსდამთავრებული აიყვანონ პრესტიჟული უნივერსიტეტიდან, ვიდრე გაცილებით ნიჭიერი და ამბიციური ახალგაზრდა ნაკლებად ცნობილი სასწავლებლიდან.

ზოგი ამბიცია უფრო სასარგებლოა

ორგანიზაციებისთვის ორნაირი ამბიცია არსებობს: პირადი და კოლექტიური. ბევრ კომპანიას მეორე ტიპის ადამიანები უფრო მოსწონს. ბიზნესს ამბიციური ლიდერები სჭირდება. ამბიციები მაშინაა კარგი, თუ სწორად არის მიმართული. პირადი ამბიციები ორგანიზაციის ან თანამშრომლების ხარჯზე, კომპანიისთვის მოგების მომტანი არაა.

კორპორატიული სამყაროს სათავეში მყოფი ხალხი, როგორც წესი, საკმარისად გაწონასწორებულია. მათთვის აუცილებელია ხალხის კეთილგანწყობა, შრომისმოყვარეობა და კომუნიკაცია, მაგრამ მთავარი სხვა რამაა: მათ სჭირდებათ რაც შეიძლება ნორმალურები იყვნენ.

წარმატებული ლიდერი ყველაფრით უნდა ჰგავდეს საშუალო სტატისტიკურ ადამიანს. ის უნდა უყვარდეს ხალხს, მაგრამ ამასთან კონფორმისტი უნდა იყოს. ის აუცილებლად უნდა იყოს საკუთარი ორგანიზაციის ერთგული. თუმცა მაიკ კოინი სხვანაირად ფიქრობს: "მე ჩემს თანამშრომლებს ვეუბნები, რომ განსაკუთრებულები უნდა იყვნენ". ის აღიარებს, რომ დირექტორი იმის დამსახურებით გახდა, რომ რასაც მისგან მოითხოვდნენ, ყველაფერს ასრულებდა და არა იმიტომ, რომ წარმატებისკენ გამალებით მიიწევდა.

"თავზე არავის ვახტებოდი და არც ბინძურ თამაშს ვთამაშობდი, ჩემი მიზანი იყო კომპანიის უფროსი გავმხდარიყავი. მე წამრატებას იმით მივაღწიე, რომ გაყიდვებში კარგი გამოცდილება მქონდა", - ასრულებს საუბარს კოინი.