Facebook -მა შესაძლოა, მალე ნიუსფიდში გამოქვეყნებულ პოსტებზე „ლაიქების“ მთვლელი დამალოს. ამგვარად ის ცდილობს, მომხმარებლები ეჭვიანობისა და თვითცენზურისგან დაიცვას. აღსანიშნავია, რომ „ინსტრაგრამი“ ამ მიდგომას უკვე 7 ქვეყანაში ტესტავს, მათ შორის, კანადასა და ბრაზილიაში, და აუდიტორიას მხოლოდ რამდენიმე საერთო მეგობრის სახელს აჩევენებს, რომლებმაც კონკრეტული პოსტი მოიწონეს, იმის ნაცვლად, რომ „ლაიქების“ სრული რაოდენობა გაასაჯაროვოს.
მოცემული იდეა სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკუთარი თავის სხვებისთვის დესტრუქციულად შედარებისა და სავარაუდო არაადეკვატური განცდისგან იცავს, რომელიც სოციალური ქსელის წევრებს იმ შემთხვევაში ეუფლებათ, თუ მათ პოსტებს სათანადო რაოდენობის მოწონება არ აქვთ. ამასთანავე, მიდგომა შეამცირებს იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც საკუთარ იმ პოსტებს შლიან, რომლებმაც საკმარისი რაოდენობის მოწონება ვერ დაიმსახურეს და მათ რაოდენობასაც, ვინც საერთოდ არ აზიარებს ისეთ კონტენტს, რომელიც, მათი აზრით, „ლაიქებს“ ვერ დაიმსახურებს.
ინსტაგრამის სატესტო მეთოდის მიხედვით, მომხმარებელი ხედავს, რამდენმა ადამიანმა მოიწონა მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, მაგრამ სანაცვლოდ არ შეუძლია, დაინახოს რამდენი „ლაიქი“ დააგროვა სხვა ადამიანის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა. შესაბამისად, ლაიქების მთვლელის მოშორებით მომხმარებლებზე ნაკლები ზეწოლა მოდის და ხელს უწყობს, რომ მათ მეტი პოსტები გააზიარონ, უფრო ხშირად და თავისუფლად.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა