„უახლოეს მომავალში 5 000-მდე კამერა ჩაირთვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან ბრძოლისთვის, საქმის გახსნისა და პრევენციისთვის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, მათი უმრავლესობა „ჭკვიანი კამერაა“, რომელიც ნომერსა და სახეს აფიქსირებს.
„ამოქმედდება 5 000-ზე მეტი ვიდეოკამერა. სამინისტრო კი მომავალშიც ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 5 000-მდე კამერა ჩაირთვება უახლოეს დროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან ბრძოლისთვის, საქმის გახსნისა და პრევენციისთვის. 5 000 კამერიდან თითქმის 40% „ჭკვიანი“ კამერაა, რომელიც აფიქსირებს ნომერს, სახეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება საპოლიციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია. მშენებლობის პროცესი გაგრძელდება 2020 წლისთვისაც. კერძოდ, დასრულდება ბინათმშენებლობის პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ქუთაისში, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბათუმში. დასრულდება პოლიციის შენობების მშენებლობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიბახევში, წალენჯიხასა და მესტიაში. მშენებლობის გაგრძელება დაგეგმილია 2021 წლისთვისაც“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ოპერაციების ცენტრისა და „112“-ის გაერთიანებაც იგეგმება.
„ამ დროისთვის პოლიციის 2 შენობის მშენებლობა ომალოსა და გურჯაანში გეგმითაა გათვალისწინებული. ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ ერთობლივი ოპერაციების ცენტრისა და 112-ის გაერთიანებას. ინციდენტებზე რეაგირების ხარისხის გაზრდისთვის ასევე იგეგმება, ინიციატორთან უკუკავშირის სისტემის შექმნა, რომლის საშუალებითაც საპოლიციო მომსახურების პროცესისა და ხარისხის შეფასება განხორციელდება,” - განაცხადა გომელაურმა.