„დაინერგება ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, პირი, რომელიც ფლობს მომხადარი ან დაგეგმილი დანაშაულის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაციას, ინტერნეტის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე, მიაწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის დანაყოფებს,” - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გაარღმავებს პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხარისხს და ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას.
„სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტების შექმნა, რომელთა საშუალებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ეს საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. დაინერგება ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, პირი რომელიც ფლობს მომხადარი ან დაგეგმილი დანაშაულის შესახებ რაიმე ტიპის ოპერატიულად საინტერესო ინფორმაციას, ინტერნეტის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე, მიაწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის დანაყოფებს. აღნიშნული, პირის ანონიმურობის სრული დაცვით განხორციელდება. ეს ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და გააღრმავებს პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხარისხს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ადამიანებს თანამშრომლობა უჭირთ იქედან გამომდინარე, რომ შემდეგ მათ მოწმის სახით სასამართლოსა და პროკურატურაში სიარული უწევთ. ისინი კი ამ ყველაფერს თავს არიდებენ. ამ შემთხვევაში კი ეს მათ აღარ მოუწევთ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მოწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე უსაფრთხოების სამსახურსა და სხვა ძალოვან უწყებებში“,-აღნიშნა გომელაურმა.