"ტყვიის საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ბიზნესისთვის მომგებიანი იქნება"

შს მინისტრობის კადიდატი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ტყვიის საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ბიზნესისთვის მომგებიანი იქნება. ამის შესახებ გომელაურმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება იარაღის წარმოებას, მე ვიცი ეს თემა ძალიან კარგად. ადრე იყო საუბარი ტყვიის წარმოებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი თანხები გაედინება ქვეყნიდან ტყვიის შესაძენად, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე თავდაცვის სამინისტროდან, უსაფრთხოების სამსახურიდან და ძალოვანი სტრუქტურებიდან, სადაც შეიარაღებული ჯგუფები ჰყავთ. აქედან გამოდინარე, ეს ინიცაიტივა ძალიან მნიშვნელოვანი და მომგებიანიც იქნება ბიზნესისთვის. თუნდაც, კერძო პიროვნება დაინტერესდება და ჩადებს რაღაც თანხას“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ტყვიის საწარმოს მშენებლობის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ ინიციატივაზე ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ოცნება არის საქართველოში სამხედრო მრეწველობის აღორძინება და განვითარება.