თბილისის ბიუჯეტის პრობლემებს ”ოცნება” და ”ნაციონალები” ერთმანეთს აბრალებენ

"ეს ბიუჯეტი ყველაზე სამარცხვინო ლაქაა დედაქალაქის ისტორიაში"

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, წლის დასაწყისში 3 თვიანი განხილვების საგნად ქცეული დედაქალაქის ბიუჯეტი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. თბილისის მთავრობა მასში ცვლილებების შეტანას აპირებს და აცხადებს, რომ იგი არასწორადაა დაგეგმილი. ამაში კი წინა მერს და მის გუნდს ადანაშაულებენ. მხარეები თითს ერთმანეთისკენ იშვერენ და "უვარგისი" ბიუჯეტის შედგენას ერთმანეთს აბრალებენ.

მოგეხსენებათ, დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებას 3 თვე დასჭირდა, ვინაიდან წინა მერიის მიერ საკრებულოში შეტანილ ვერსიას "ქართული ოცნება", რომელიც მაშინაც უმრავლესობაში იყო, მხარს არ უჭერდა და შესაბამისად, მისი მიღება ვერ ხერხდებოდა. მერიამ მათ ბიუჯეტის ახალი ვერსიის შედგენაში მონაწილეობის მიღებაც შესთავაზა. შედეგად, ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა და, საბოლოო ჯამში, 783 მილიონი ლარი შეადგინა.

პოსტების ჩაბარების შემდეგ, ახლად არჩეულმა მერმა და გამგებლებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, გამოცარიელებული დახვდათ. როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გამგეობებში სოციალური დახმარებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების კუთხითაა. საკრებულოს უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ მუხლებისთვის გამოყოფილი თანხები ათივე რაიონში დაახლოებით 90%-ით უკვე დახარჯულია.

შესაბამისად, საჭირო გახდა ფული სხვა მუხლებს მოაკლდეს და ზემოხსენებულ მუხლებში გადმოიტანონ. მერიაში ცვლილებების პროექტი უკვე მომზადდა, რომელსაც ქალაქის მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს. საკრებულოში კი იგი განსახილველად, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შევა.

როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, წინა მერიას ეკისრება, რადგან ბიუჯეტი იქ შედგა და იმ ადამიანებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი, რომელთაც, მისი შეფასებით, არარეალურად მაღალი ბიუჯეტი დაგეგმეს.

”ასევე იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომელთაც წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრები ადმინისტრაციულ რესურსად გამოიყენეს და ამით კანონი დაარღვიეს. ჩემი, როგორც ქალაქის მერის ვალდებულებაა, მერიის ქვემდებარე უწყებებში, შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც იღებდნენ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, პასუხი მოეთხოვოთ. თუმცა ამ ადამიანების დიდი ნაწილი, ჩემდა სასიხარულოდ, მერიაში აღარ მუშაობს”, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი არარეალურად მაღალი იყო, კერძოდ, ქონების გადასახადის და პრივატიზაციის შედეგად მისაღები შემოსავლების მოცულობა, რისი მობილიზებაც ქალაქის ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

”შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მცირდება, გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში პრაქტიკულად ბოლომდე იქნება გახარჯული ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში გათვალისწინეუბლი თანხები, ამიტომ წლის ბოლომდე აუცილებლად გვჭირდება რამდენიმე მილიონი ლარი რაიონული გამგეობებისთვის. იმდენად მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა ბიუჯეტში, რომ იგი დეფიციტური იქნება და დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე თანხის სესხება მოგვიწევს. ამაზე გვქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ სესხებასთან დაკავშირებით თანხმობა მოგვცეს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბიუჯეტში არსებულ რთულ ვითარებაზე თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გამგეობები და საქალაქო სამსახურები თავისუფალი სახარჯო თანხის გარეშე არიან დარჩენილები. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და სოციალური პროგრამების კუთხითაა.

”თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ძალიან დიდი პრობლემაა ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილშიც. თბილისის წინა მთავრობის მიერ ბიუჯეტი 785 მილიონი ლარით განისაზღვრა, აქედან 40 მილიონი ადგილობრივ ბიუჯეტში საწარმოთა ქონების გადასახადიდან იყო გათვალისწინებული. თუმცა ამას არ ითვალისწინებდა არსებული საკანონმდებლო ბაზა.

რეალურად, დღეისთვის ეს თანხა თბილისის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს. საჭიროა ბიუჯეტის მთლიანი ცვლილება, როგორც რაიონების, ასევე მერიის სამსახურების ჩათვლით”, - განაცხადა სამუშიამ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ბიუჯეტის ამ ფორმით დატოვება იმას ნიშნავს, რომ თბილისის რაიონების პარალიზება ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტში მოხდება.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, მას თბილისის სხვადასხვა რაიონის ბიუჯეტიდან კონკრეტული მაგალითები მოჰყავს და ამბობს, რომ ათივე რაიონში, ჯამში, სოციალური უზრუნველყოფის მუხლის დაფინანსებისთვის 3,65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ახლა კი იქ სულ 330 ათასია დარჩენილი. ანუ, სრული თანხის დაახლოებით 9%.

რაც შეეხება ცალკეულ რაიონებს, სამუშიას თქმით, სოციალური დახმარებისთვის თითოეულ მათგანს 350-400 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ახლა კი ვაკის გამგეობის ბიუჯეტში, 350 ათასიდან მხოლოდ 32 ათასი ლარია დარჩენილი; საბურთალოზე, 350-დან 57 ათასი; კრწანისში, 350-დან 78 ათასი; მთაწმინდაზე 350-დან 30 ათასი; დიდუბეში - 350-დან 39 ათასი; ნაძალადევში 400-დან 32 ათასი, გლდანში ასევე 400 ათასიდან - 36 ათასი და ა.შ.

მერისა და ”ქართული ოცნების” წევრების ბრალდებებს ”ნაციონალურ მოძრაობაში” ”მოკლე მეხსიერების” შედეგად მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ კამათის საგნად ქცეული ბიუჯეტი არა მათი, არამედ ”ქართული ოცნების” მიერაა შედგენილი.

”ეს ბიუჯეტი ყველაზე სამარცხვინო ლაქაა დედაქალაქის ისტორიაში ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური მართვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. სწორედ ”ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით იქნა გათვალისწინებული რაიონული გამგეობების ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შემცირებული თანხები მოსახლეობის სოციალური და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებისთვის. ”მაგალითად, ჯამურად ათივე გამგეობის სოციალური ბიუჯეტი, ”ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, განისაზღვრა 3,65 მილიონი ლარით, მაშინ როდესაც ეს ბიუჯეტი, 2013 წელს 13 მილიონს აჭარბებდა.

”რაც შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, რომელსაც ნარმანია არარეალურად მაღალს უწოდებს, ასევე გვინდა მივუთითოთ, რომ განცხადების გაკეთებამდე, საფინანსო სამსახურის უფროსთან მაინც გაიაროს კონსულტაცია, რომელიც დაუდასტურებდა, რომ 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 107%-ით შესრულდა ანუ გადაჭარბებით, კერძოდ, დაგეგმილი 352 მილიონის ნაცვლად, თბილისის მთავრობის ძველმა შემადგენლობამ 378 მილიონი ამოიღო”, - ნათქვამია საკრებულოს უმცირესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკრებულოს უმცირესობის წევრი, ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი თამაზ შოშიაშვილი ამბობს, რომ საკრებულოში შესულ სახეცვლილ ბიუჯეტს ისინი მხარს, სავარაუდოდ, არ დაუჭერენ და ნარმანიას მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

”თუ დედაქალაქის ბიუჯეტი არასწორადაა დაგეგმილი და შეუსრულებადია, ამაზე პასუხისმგებელი ”ქართული ოცნებაა”, რომელმაც იგი შეიმუშავა.

ისე კი, ბიუჯეტის მუხლებიდან ფულის გადანაწილება და ცვლილებების შეტანა ბუნებრივი პროცესია და წელიწადში რამდენჯერმე ხდება. ამაში ვერაფერ კატასტროფულსა და ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებელს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, მათი მხრიდან გადაბრალება და პრეტენზიები გაუგებარია”, - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბრისას შოშიაშვილი.

თაკო მათეშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”