სამხრეთ-კორეული კორპორაცია Samsung Electronics Co., როგორც იქნა, დაიწყებს კეცვადი ეკრანის მქონე სმარტფონის Galaxy Fold-ის გაყიდვებს. კომპანიამ გაყიდვების სტარტად 6 სექტემბერი გამოაცხადა. გაყიდვები ჯერ სამხრეთ კორეაში, რამდენიმე კვირაში კი დანარჩენ მსოფლიოში დაიწყება.
მისი გაყიდვები თავდაპირველად 26 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სპეციალისტებმა, რომლებმაც სატესტო მოდელები მანამდე მიიღეს, მოწყობილობაში პრობლემები აღმოაჩინეს, რის გამოც გამოშვების თარიღმა გადაიწია. ტესტირებისას სპეციალისტებმა ეკრანის პრობლემები დაადგინეს, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ის იკეცებოდა, ზოგიერთებმა კი საერთოდაც მოაშორეს ზედა ფენა, რომელიც დამცავ ლენტად ჩათვალეს. ამის შემდეგ კომპანიაში გადაწყვიტეს, ეს ზედა ფენა უფრო გაემყარებინათ და მას დამატებით დამცავი ფირი დაამატეს, ასევე გააუმჯობესეს კეცვის მექანიზმი.
Galaxy Fold - ეს არის სმარტფონი, რომელსაც შეუძლია გადაიქცეს პლანშეტად. მისი ძირითადი დისპლეის ზომა 7,3 დიუიმია და შეუძლია 5G ქსელში მუშაობაც. მისი ფასი დაახლოებით 2,000 დოლარია.