2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 63 ახალი სკოლის მშენებლობა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი კვლავ გაგრძელდება.
,,განათლების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში 2019 წლიდან დავიწყეთ და გავაგრძელებთ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას. 2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 8400 მოსწავლეზე გათვლილი 63 ახალი სკოლის მშენებლობა და 87 არსებული სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც წელს დავიწყეთ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, წელს პირველად მუნიციპალიტეტები ახორციელებენ სკოლებში 20 მილიონი ლარის მცირე სარემონტო სამუშაოებს და წლის ბოლომდე 642 სკოლაში პირველი რიგის საბაზისო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.
მაია ცქიტიშვილის განმარტებითვე, სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ გაგრძელდება და მომავალ წელს უკვე მუნიციპალიტეტებსაც შეეძლებათ მცირე ზომის სკოლების მშენებლობის დაწყება. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გარდა, მუნიციპალიტეტებში საჭირო კომპეტენციის ზრდასაც შეუწყობს ხელს.