"არ მომერიდება ვთქვა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების დინამიკა მკაფიოდ და უპრეცენდენტოდ დადებითია"

არ მომერიდება ვთქვა, რომ მცირე თუ მასშტაბური ინფრტასტრუქტურული პროექტების შესრულების დინამიკა მკაფიოდ და უპრეცენდენტოდ დადებითია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობის შედეგებისა და დასახული გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენი სამინისტროს მთავარი დანიშნულება და შესაბამისად, მის მართვაში არსებული ყველა პროექტი მიმართულია რეგიონების შესაძლებლობების განვითარებაზე,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მართვაში არსებული ყველა პროექტის დაგეგმვა ხდება და გაგრძელდება ადგილობრივ თვითმმართველობებთან, პარლამენტარებთან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში, ასევე უშუალოდ მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სამინისტროს საქმიანობისა და პროექტების შესრულების დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება და გაუმჯობესდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლის გეგმებიც მოსახლეობის საჭიროებებს იქნება მორგებული. მაია ცქიტიშვილმა ამ გეგმების დაფინანსებაში პარლამენტის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.