2019 წლის 8 თვის ფაქტობრივი მონაცემებით, პროგნოზირებული შემოსავლების ყველა კატეგორია გადაჭარბებით შესრულდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წლევანდელი წელი პროექტების განხორციელების კუთხით უპრეცედენტო იქნება.
„1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, კაპიტალური პროექტების დაფინანსების ნაწილში შესრულება შეადგენს 2 038,0 მილიონ ლარს, რაც 628,0 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროექტის შემთხვევაში, მეტწილად ობიექტური მიზეზების გამო, გვექნება გარკვეული აუთვისებლობები, ვფიქრობ, წლევანდელი წელი პროექტების განხორციელების კუთხით უპრეცედენტო იქნება. აღსანიშნავია, რომ ათვისების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია არამხოლოდ ცენტრალურ დონეზე, არამედ მუნიციპალიტეტებში, სადაც გასულ წელთან შედარებით, 40%-იანი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში პარლამენტში ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს წარმოადგენს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა იმ მუნიციპალური პროექტებისთვის, რომელთა დასრულება 2020 წელს იყო დაგეგმილი.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტების შესრულების მაღალი ტემპის გათვალისწინებით, მათი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა შესაძლებელი.