Promod-ის, Orsay-ს და Celio-ს შემდეგ პეკინის ქუჩა კიდევ ორმა ბრენდმა დატოვა. დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე Garry Weber-ის და Giordano-ს მაღაზიები დაიხურა. Adress-ის ჯგუფში მაღაზიის დახურვის მიზეზად ქუჩის გაცალმხრივების შედეგად შემცირებულ გაყიდვებს ასახელებენ, Giordano-ში კი აცხადებენ, რომ მაღაზია გაფართოების მიზეზით დატოვეს.
მას შემდეგ, რაც პეკინის ქუჩა გაცალმხრივდა და იქ პარკინგი აიკრძალა, თბილისის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ქუჩა რამდენიმე ბრენდულმა მაღაზიამ დატოვა. თავდაპირველად დაიხურა კომპანია Adress-ის ჯგუფში შემავალი მაღაზიების - ტანსაცმლის ბრენდები - Promod-ი, Celio და Orsay-ი. სულ ახლახანს კი ფუნქციონირება შეწყვიტა Adress-ის ჯგუფის კიდევ ერთმა მაღაზიამ - Garry Weber. კომპანიაში მაშინაც და დღესაც მაღაზიების დახურვის მიზეზად ქუჩის გაცალმხრივებას ასახელებენ. კომპანიაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც პეკინის ქუჩამ კონსტრუქცია შეიცვალა, ის სავაჭრო კუთხით ნაკლებად საინტერესო გახდა.
Adress ჯგუფი საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ბრენდის Etam-ის მაღაზიით არის წარმოდგენილი და უახლოეს მომავალში ბრენდების მაღაზიების სხვა ლოკაციებზე, მათ შორის, მოლებში გახსნას არ გეგმავს.
რაც შეეხება Giordano-ს, როგორც კომპანიაში “ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, პეკინის ქუჩა გაფართოების მიზნით დატოვეს და მხოლოდ ლოკაცია შეიცვალეს. „Giordano „ისთ ფოინთში“ გადავიდა, უფრო დიდ ფართში. ასე რომ, პეკინის ქუჩის დატოვების მიზეზი მხოლოდ გაფართოება გახდა“, - განაცხადეს Giordano-ში.
შეგახსენებთ, რომ პეკინის გამზირდე მოძრაობის წერები 2017 წლის შემოდგომიდან შეიცვალა და გაცალმხრივდა. ასევე, ქუჩაზე აიკრძალა პარკინგიც.