აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას. ამჯერად, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონში მოქმედმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა ჭვანას ხეობაში იმოგზაურეს.
ხეობაში ვიზიტისას ინფოტურის მონაწილეებმა ჭვანას ჩანჩქერი, ხაბელაშვილების 300 წლოვანი, თაღოვანი ხიდი და ოთოლთას ციხე მოინახულეს. ასევე, დაესწრნენ ფესტივალს „ჯვარიმინდორობა“, სადაც ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი გაიმართა.
ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ხეობაში სტუმრობისას ტურისტებს, გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაოებების დათვალიერებისა, საშუალება აქვთ ნატურალური ხილი, თაფლი და ადგილობრივი კერძები დააგემოვნონ. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნო, სადაც როგორც ფანდურების შეძენა, ისე მათი მომზადების მასტერკლასებზე დასწრებაა შესაძლებელი. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ხის ძველი მუშა წისქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ამ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობას ასრულებს, რომლის შემდეგაც ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა/განვითარება იგეგმება.