მოხელეს, რომელმაც „თიბისის“ 11 წლის წინანდელი საქმის გამოძიება დაიწყო, მინისტრებზე მაღალი ანაზღაურება აქვს - რა ქონება ფლობს ვალერიან ხასაშვილი

თიბისი ბანკის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის საქმის მასალები ევროსასამართლოს წარედგინება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა. უფრო ადრე კი, თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და მას მათ შესახებ არსებული ინფორმაციის გაგზავნა მოთხოვა. ამ ინფორმაციას უწყების ხელმძღვანელმა „სისულელე“ უწოდა და კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „თიბისის“ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციებზე გამოძიება სწორედ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დაიწყო და პროკურატურას და ეროვნულ ბანკსაც მან მიმართა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს და როგორია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვალერიან ხასაშვილის ანაზღაურება.

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ვალერიან ხასაშვილს 2019 წლის 31 აგვისტოს აქვს შევსებული. როგორც დეკლარაციებიდან ირკვევა, ხასაშვილს მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტი 2016 წლიდან უკავია, მანამდე კი სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზეც მუშაობდა.

2019 წლის აგვისტოში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს ვალერიან ხასაშვილის შემოსავალმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 96861 ლარი შეადგინა, რაც პრემიერის ხელფასსა და მინისტრების ანაზღაურებაზე მინიმუმ 20 ათასით მეტია. მაგალითად, 2018 წელს დავით სერგეენკოს ანაზღაურებამ 75 000 ლარი შეადგინა, 75 ათასი ლარი აიღო თეა წულუკიანმაც და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ხასაშვილი უძრავ-მოძრავი ქონების სიმრავლით არ გამოირჩევა. ის ფლობს 120 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2011 წელს ჩუქებით აქვს მიღებული.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 3 894 ლარი ჰქონდა; ნაღდი ფულადი სახით კი 20 700 დოლარი და 8 500 ლარი ევრო.