10 სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“ 7 ახალი მიმართულებით იფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.
,,არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია „Wizz Air“ 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად 7 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია",-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ავიაკომპანია „Wizz Air“-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „Wizz Air“-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95% გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, „Wizz Air“ ბაზრის ლიდერი გახდა.