პრაღა, ამსტერდამი, სან-ფრანცისკო და ბარსელონა - როგორია ტურისტებით გადაჭედილ ქალაქებში ცხოვრება

გლობალური ტურიზმი გასაოცარი სისწრაფით ვითარდება და ყოველწლიურად 8 ტრილიონ დოლარზე მეტი მოგება შეაქვს მსოფლიო ეკონომიკაში. ცალკეულ ქალაქებში რეკორდულად დიდი რაოდენობის ტურისტი ჩადის, რაც ეკონომიკურად მომგებიანია, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის დისკომფორტს იწვევს. ამიტომაც მთავრობები იძულებულები არიან ოქროს შუალედი იპოვონ ადგილობრივების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ტურისტების შენარჩუნებას შორის.

მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭომ ცოტა ხნის წინ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, იმ ქალაქებში, რომლებშიც ტურისტული ნაკადის მაღალი ტემპით ზრდა ფიქსირდება, პოტენციურად დაძაბული გარემო იქმნება. ქალაქებში გადაადგილება ჭირს, რის გამოც მოსახლება შეწუხებულია.

გთავაზობთ ტურისტებისათვის პოპულარულ 4 ქალაქის მიმოხილვას, სადაც მთავრობები გარკვეულ ზომებს იღებენ ტურიზმის დასაბალანსებლად:

ამსტერდამი

ამ ქალაქს, სადაც 1 მილიონი ადამინი ცხოვრობს, გასულ წელს 18 მილიონი ტურისტი ეწვია. ხალხმრავლობით შეწუხებულ მოსახლეობას სურს აიკრძალოს ბინების მოკლევადიანი გაქირავება ქალაქის გადატვირთულ რაიონებში. ქალაქის საბჭო აცხადებს, რომ ვიზიტორები იაფასიან სასტუმროებში ცხოვრობენ, რის გამოც დედაქალაქი მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს.

თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ერთი შეხედვით არც ისე მძიმეა, როგორც ამას მედია აშუქებს. მუზეუმებიდან ბიუჯეტში საკმაო თანხები შედის. თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ მთავრობამ საჭირო ზომები არ უნდა მიიღოს. ქალაქმა იმუშავა ამსტერდამიდან სხვადასხვა ქალაქებში ტურისტების ტრანსპორტირების საკითხზე. მაგალითად, ქალაქ ზანდვოორტს (ამსტერდამის ცენტიდან 40 კილომეტრშია) დაარქვა სახელი ,,ამსტედამის სანაპირო“. ამ სახელით ცდილობენ ტურისტების იქით ,,გადაბირებას“.

სან-ფრანცისკო

კალიფორნიის სანაპირო ქალაქი ყოველთვის მიმზიდველი იყო ტურისტებისთვის. ოქროს კარიბჭე და ისტორიული ადგილი ,Fisherman's Wharf-ი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილებია. თუმცა, არანაკლები პოპულარულობით სარგებლობს ,,სილიკონ ველი“- ამერიკის მაღალტექნოლოგიური სივრცე, რომლის შექმნამაც დამატებითი რესურსი წარმოქმნა ტურისტების მისაზიდად.

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიხვეულ-მოხვეული ქუჩაა ლომბარდ სტრიტი. ქუჩა ძალიან მრუდეა, ციცაბო ფერდობზე მიიკლაკნება და ხშირად იწვევს საცობებს. ტურისტები ამ უჩვეულო ქუჩაზე სტუმრობისას ხშირად კერძო სახლების ეზოებში „იჭრებიან“ და იქ იღებენ სელფებს. მცხოვრებლების საჩივრების საპასუხოდ, ქალაქმა ახლახან დაამტკიცა ბილეთების დაჯავშნის სიტემა, რომელიც ძალაში შევა მომდევნო წლის დასაწყისში.

ლომბარდის ქუჩა არაა ერთადერთი ღირსშესანიშნაობა, სადაც ტურისტები არღვევენ ადგილობრივების სიმყუდროვეს. ასეთია კიდევ, ალამოს მოედანი - სადაც უამრავი ფერადი სახლია. ამ ადგილს Painted Ladies ჰქვია. აქ ტურისტებს იზიდავთ მრავალფეროვანი ვიქტორიანული სტილის სახლები, რომლებიც 1890-იანი წლებით თარიღდება. ტურისტები აქაც არ ერიდებიან მოსახლეობის შეწუხებას, ფოტოების გადასაღებად შედიან სახლებში.

სან-ფრანცისკო ყოველწლიურად ტურიზმიდან შესულ 9 მილიარდ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ასე, რომ ოფიციალური პირები მუშაობენ სხვა მიმზიდველი ადგილების უკეთ წარმოსაჩენად და გადატვირთული ადგილების გასანეიტრალებლად.

პრაღა

პრაღამ, რომელიც ევროპის ტურისტულ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს გასულ წელს 7,9 მილიონი ვიზიტორით (1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს) რეკორდი დაამყარა. ტურისტების უმეტესი ნაწილი, ძირითადად, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე შეინიშნება, რაც თავის მხრივ, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის დისკომფორტია.

პრაღის ცენტრალურ მოედანზე, პარკებში, ხიდებზე და იმ ადგილებში, სადაც უამრავი ხალხი ირევა, აკრძალეს ,,ლუდის ველოსიპედებით’’ სიარული. ეს იყო ასე ვთქვათ, ბორბლებზე მოსიარულე ბარი, რის გამოც შეზარხოშებული ხალხი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.

ამსტერდამის მსგავსად, ჩეხეთის ტურიზმის ბიურო მუშაობს დედაქალაქიდან ტურისტების გადაყვანაზე სხვა ქალაქებში. მაგალითად, ჩესკი-კრუმლოვის მხარეს (სამხრეთ ბოჰემიის რეგიონი, ქალაქ პრაღიდან 170 კილომეტრში), რომელსაც ყოველდღიურად უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ასევე სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ქალაქი ბრნო, ისეთივე, სასიამოვნო ალტერნატიული ვარიანტია ტურისტებისთვის, როგორც ქალაქი ოლომოუცი.

ბარსელონა

ბარსელონაში ადგილობრივებს არ მოსწონთ, როდესაც ტურისტები ქუჩებში ნაგავს ყრიან, ან მთვრალები გულს ირევენ, დადიან შიშვლები, მაშინ როცა ქალაქში არსებობს ორი ნუდისტური პლიაჟი. აქტივისტებმა საპროტესტო აქციებიც გამართეს, ტურისტულ ავტობუსებში მყოფ ხალხს გზა გადაუკეტეს და სახლში წასვლისკენ მოუწოდეს. ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო, ბარსელონაში აიკრძალა ახალი სასტუმროების მშენებლობა, შეიზღუდა საკრუიზო გემების რაოდენობა. მთავრობამ შეზღუდა საცხოვრებელი ფართების რაოდენობა, ქალაქის მთავარ ბაზრობაზე ვიზიტორების რიცხვი შეამცირა. იმ ტურისტულ სააგენტოებს კი, რომლებიც წესებს არ დაემორჩილებიან, დააჯარიმებენ.

მოამზადა გვანცა ახვერდაშვილმა