ტოპ-10 ყველაზე საშიში ქვეყანა ტურისტებისთვის

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა (WEF) ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სია შეადგინეს.

აღნიშნული კვლევა საერთაშორისო ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგის - The Travel and Tourism Competitiveness Report 2019-ის ფარგლებში ჩატარდა.

ექსპერტებმა მსოფლიოს 140 ქვეყანა სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს. განიხილეს როგორც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტრანსპორტის, სასტუმროების, კომუნიკაციების, მედიცინის, სავიზო პოლიტიკის და სხვა ფაქტორები.

შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანი იყო, უსაფრთხოების საკითხები, კერძოდ, პოლიტიკის სანდოობა, ტერორისტული თავდასხმები, მკვლელობებისა და ძალადობის მაჩვენებლები.

სწორედ აღნიშნული კრიტერიუმებით შეფასებისას გამოიკვეთა 10 ქვეყანა, რომელიც ტურისტებისთვის ყველაზე სახიფათოდ ითვლება. ესენია:

სალვადორი - (3,0 იდექსი) ცენტრალური ამერიკის ყველაზე პატარა და ამავე დროს, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა. ამასთან, სალვადორი ერთადერთია, რომელსაც არ აქვს გასასვლელი კარიბის ზღვაზე. სალვადორში ყველაზე მწვავედ დგას დანაშაულის პრობლემა. ქუჩის ე.წ ბანდები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ტურისტებს.

ნიგერია - (3,1 ინდექსი) ქვეყნის შეფასებისას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მისი მცირე ბიუჯეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერია ტროპიკული ტყეების ქვეყანაა, არის უამრავი ჩანჩქერი, კულტურული თუ ისტორიული ობიექტი, ქვეყნის დიდი ნაწილი დღემდე განიცდის ელექტროენერგიის დეფიციტს, ასევე, გზებისა და წყლის პრობლემას. გარდა ამისა, ნიგერაში ძალიან ხშირად ხდება ადამიანების გატაცება გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით.

იემენი - (3,2 ინდექსი) ორგანიზაციამ „გადაარჩინეთ ბავშვები“, რომელიც გაეროს 2015-2018 წლების მონაცემთა ბაზას იყენებდა, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, იემენში 5 წლამდე ასაკის 85 ათასი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა. ამის მიზეზი სამოქალაქო ომი და საკვების მწვავე დეფიტი გახდა.

ვენესუელა - (3,3 ინდექსი) დანაშაულის მაჩვენებლის ზრდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც ვენესუელა ტურისტებისთვის საშიშ ქვეყნად ითვლება. აღნიშნული მაჩვენებლით, ვენესუელა ლათინური ამერიკის უმეტეს ქვეყნებს უსწრებს. მკვლელობების 90% დღემდე გამოუძიებელი რჩება. ქვეყანამ 2005 წლიდან შეაჩერა დანაშაულის სრული სტატისტიკის გამოქვეყნება.

გონდურასი - (3,6 ინდექსი) ქვეყანაში აქტიურად მოქმედებს მექსიკური ნარკოკარტელი, რომელიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში კოკაინის ტრანზიტს აკონტროლებს. ამის გამო ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

ფილიპინები - (3,6 ინდექსი) ტურიზმზე ნეგატიურ გავლენას ქვეყანაში არსებული პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება ახდენს. საუბარია მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტზე.

პაკისტანი - (3,7 ინდექსი) თომსონ როიტერის ფონდის ანგარიშის თანახმად, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, პაკისტანი ქალებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანების ექვსეულშია. კერძოდ, ქვეყანაში ქალებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის ხელმისაწვდომობა თითქმის არ არსებობს. ამასთან, ისინი ყოვედღიურად ხდებიან სექსუალური ძალადობისა, თუ ვაჭრობის მსხვერპლნი.

კოლუმბია - (3,8 ინდექსი) ეს არის მსოფლიოში რიგით მეორე ქვეყანა, რომელსაც უდიდესი ბიოლოგიური მრავალფეროვნება აქვს, რაც თავისთავად, ტურისტებს იზიდავს. თუმცა, კოლუმბია სოციალური უთანაბრობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. აქ დიდია სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, რაც თავის მხრივ, დანაშაულის მაღალ დონეს იწვევს.

სამხრეთ აფრიკა - ( 3,9 ინდექსი) მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანაში გაბატონებულმა აპართეიდის რეჟიმმა მოსახლეობის ქონებრივი და სოციალური კლასიფიკაცია მოახდინა. სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე არ აქვს ელექტროენერგია და წყალი. ამასთან, მრავალი დასახლების სანიტარული მდგომარეობა ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების გავრცელებას. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკაში დანაშაულის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია.

იამაიკა - (3,9 ინდექსი) ეს არის ქვეყანა, რომელიც ტურისტებს იზიდავს თავისი უნიკალური კულტურით, ეგზოტიკური ბუნებითა და პეიზაჟებით, თუმცა იამაიკაში ნარკოტიკებით ვაჭრობა და დანაშაულია გაბატონებული. მოსახლეობა კი რთულ სოციალურ მდგომარეობაშია. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და პერსპექტივის არარსებობა, ადგილობრივებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს.

ნინი ქეთელაური