კახეთში 15 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კახეთის რეგიონში 15 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გადამუშავდა 5,7 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა რქაწითელი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გადამუშავებულია 3 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 30 ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

რთველი აქტიურია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. უახლოეს დღეებში მოსავლის დაბინავების პროცესი გურჯაანსა და ყვარელშიც დაიწყება.

მათივე ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბში 163 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.

„წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ. რთველის პროცესში სააგენტო ჩართულია მოსავლის აღრიცხვიანობის მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.