შსს რეგულაციებს ამკაცრებს - საგზაო მოძრაობის წესების რომელ დარღვევებზე გაგეზრდებათ პასუხისმგებლობა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, რეგულირება მკაცრდება. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში სამთავრობო გეგმის ფარგლებშია წარდგენილი.

მათ შორის ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას.

„პროექტის თანახმად, საგზაო უსაფრთხოების სფეროში, პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე და ხდება დასჯადი ქმედებების გაფართოება. მათ შორის, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის.

პროექტით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების ახალი წესი. ასევე, ცვლილებები შედის კოდექსის 81-ე და 119-ე მუხლი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში).

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით განისაზღვრება მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ამოქმედების ვადა,“-ვკითხულობთ დოკუმენტში.

შს სამინისტროს განმარტებით, პროექტის შემუშავება განპირობებულია საგზაო მოძრაობის სფეროში პრაქტიკაში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობით.

ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 81-ე მუხლი, გულისხმობს, ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების ექსპლუატაციას, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება; ხოლო 119-ე მუხლი - სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას მოიცავს, რაც მათ შორის გულისხმობს - ავტომობილის მართვას პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი და ა.შ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროექტში არ არის დაკონკრეტებული თუ რა ტიპის ცვლილება შევა აღნიშნულ მუხლებში და როგორ გამკაცრდება რეგულაციები.

თაია არდოტელი